ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი, ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი, ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!
რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს! ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა, და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!
კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი, და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი, რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!
ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული! აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან, მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!
გულის-თქმა ჩემი შენს იქითა... ეძიებს სადგურს, ზენაართ სამყოფთ, რომ დაშთოს ის ამაოება... მაგრამ ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს!
შემომერტყმოდა მაისის მწუხრი, აღმვსები ნაპრალთ მდუმარებითა; ხანდისხან ნელად მქროლნი ნიავნი ღელეთა შორის აღმოკვნესოდენ და ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდნენ!
ვინ მოგიახლოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთ შვება არა იპოვნოს და არ დახსნას გულსა ვაება, გულ-დახურულთა მეგობარო, მთავ ღრუბლიანო!
მოდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისა ამარას! გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული? მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული!
ჰოი, ადგილნო, მახსოვს, მახსოვს, რასაც ვჰფიქრობდი მე თქვენთა შორის და ან რასაც აღმოვიტყოდი! მხოლოდ სული გრძნობს, თუ ვითარი სძღვენით მას შვება.
როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად! მწუხრი გულისა - სევდა გულისა - ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს, რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |