მე აღმომთქვეს პირველ სიტყვად, - ღვთის ბაგეზე დამრჩა კვალი. მახსოვს თითქოს თევზი ვიყავ, მერე თითქოს დაშრა წყალი…
მახსოვს, როგორც მოკლულ ყარყატს, არსო, მონადირის მსგავსო, შემხვედრიხარ თითქოს სადღაც.
მაჭენებდი, როგორც ჰუნეს, რომ წავართვით ცეცხლი ღმერთებს და კვლავ ღმერთებს დავუბრუნეთ.
არისხებენ როცა ზარებს, თითქოს მშიერ ველურივით სადღაც ვხრავდი დინოზავრებს.
ამ ცისა და ამ ზღვის მსგავსი, მეჩვენება, რომ ამ მინდვრებს აქვთ ნაცნობი შინაარსი.
სისულელეც მახსოვს თითქოს, - ინდოეთში ატლასს ვიძენ, იბერებში ვადნობ ლითონს.
მახსოვს გზა და მახსოვს ჯვარი… ნუღარ დამკლავ, ვგონებ ერთხელ უკვე დამკალ, როგორც ცხვარი.
ჯერ ლახტით და მერე თოფით, რაღაც იყო დასანგრევი, რაღაც იყო გასაყოფი.
უხილავი სხივის ბაწრით ერთხელ უკვე დავიპყარით და დავყავით ნაწილ-ნაწილ.
ზეცაა თუ მხეცის ტყავი… რაღაც იყო… ალბათ იყო… იყო, როცა მეც ვიყავი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |