კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

შენი წერილი მივიღე გუშინ,

როგორ დაედო წამლად იარებს!

თუ რამე ჰქონდათ სათქმელი გულში,

აი, ისევ შენ გაგიზიარეს.


დედი, დაგტოვე, რა გამოვიდა,

ცხოვრებამ უფრო ხელი დამრია!

ვატყობ, სოფელში ვეღარ მოვიტან

მკერდს ბაღდადიანს და წელს ქამრიანს.


შენ კი ეხლაც მთვლი უზრუნველ ბალღად

და თურმე მირთავ ფარჩის ახალოხს,

ნეტავ რად მინდა! ცხოვრების ტალღამ,

ვინ იცის, რომელ კლდეს შემახალოს!


მტანჯავს დღემუდამ ფიქრი არჯალი

და მძიმე ჯვარი ზურგზე მკიდია,

ჩემი ნიშნობის ქამარ-ხანჯალი

ცოლს მეპურისთვის მიუყიდია.


რა ვქნა, ვერ გითხარ ჩემი ავ-კარგი,

ოხვრით მევსება გრძელი წერილი.

ახალგაზრდული გული დავკარგე

მზით ანთებული და აჟღერილი.


მანდ, ვიცი, ეხლა ისმის მაყრული,

ძღვენს მიმზადებენ ნათლიდედები,

და გოგონები, თმაგადაკრული,

ღობესთან სხედან, როგორც მტრედები.


მეც მათთან ერთად წუთით, დროებით,

სადაც მზე ბრწყინავს - ქვეყნის უფალი,

მხრებზე მეფინოს თეთრი რტოებით

ნუში, ტყემალი და ალუბალი.


თუმცა ვერც ნატვრას წამიერ ლხინით,

ვერც ყინულს დასძრავს წამით გალღობა...

მე დამრჩეს გულში ოცნება თქვენი,

თქვენ - უზრუნველი ჩემი ბალღობა!


ჩემი მერცხლები თიხის ბუდეში,

იმ ერთი ქალის შავი ქალობა,

ეხლაც თანა მდევს, როგორც ნუგეში,

მისი ხმაა თუ შაშვის გალობა.


სიზმარში წავალ, იქაც დამხვდება,

გამომაღვიძებს დილაადრიან,

მეტყვის: იმღერე, მაშინ ახდება,

შენს ბავშვობაში რაც გინატრია!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ილო მოსაშვილი  • • •   ილო მოსაშვილის პოეზია

მსგავსი თემები