ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ. მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ: გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი კედელზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.
სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის, ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ, აუხდენელი სიზმრები ჩვენი.
შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები... შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.
სად დაგავიწყდი... სად ვიყავ მაშინ... ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ, ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში.
მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი, მე ყოველ ღამეს - შენი ხმით სავსეს - ვხვდები ცახცახით და გულისცემით.
ისევ ქარია და ისევ ვუსმენ: გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ოთარ ჭილაძის პოეზია |