მთარგმნელი: თინა შიოშვილი
რა არ ვიღონე, მაგრამ მაინც დავშვერ ამაოდ, ვერ გავარღვიე, ვერ გავწყვიტე წყეული ალყა! გუშინდელივით დღესაც ისევ გარს შემომერტყა დაუნდობელი ეგერთა ტალღა! ავად სისინებს სასიკვდილო ტყვია წყეული, ყალყზე დგებიან და ღმუიან საბრალო მგლები - ცოცხალ სამიზნედ გადაქცეულნი. არვინ დაგიდევთ, თუ დედის წინ შვილი გათავდა! მარეკთა ძახილს მეძებრების ღრიალი ერთვის, თოვლზე ჩანს სისხლი და ლაქები წითელ ალამთა. მაგრამ რა მერე... არ უთრთოლავთ წამით ბელები! თავისუფლება ჯერ ალმებით შემოგვისაზღვრეს, მერე გვესვრიან თავგამეტებით. და ჩვეულებას ვერ დავარღვევთ, მიწად რომც ვიქცეთ. დედის ძუძუსთან შევიწოვეთ ჭეშმარიტება: „არ შეიძლება ალმების იქით!“ ფეხმარდნიც ვართ და ყბებსაც ვიქნევთ, ხომ იცი, ბასრად, ბრმებივით მაინც რად ვისწრაფვით თოფის ლულისკენ, აზრად არ მოგვდის ზონიდან გასვლა?! აი, თავდება ჩემი წილი წუთისოფელიც... მან, ვისი წერაც უნდა გავხდე, ჩაიქირქილა და წამოავლო იარაღს ხელი... ალმების იქით სანუკვარი სიცოცხლე არი! ადამიანთა გაოცების მომდევს ძახილი, მე კი მივქრივარ, ვითარცა ქარი... დღევანდელი დღე გუშინდელს არ ჰგავს! გარს შემომერტყნენ ეგერები, გარს შემომერტყნენ, მე გავარღვიე სიკვდილის ალყა! არვინ დაგიდევთ, თუ დედის წინ შვილი გათავდა! მარეკთა ძახილს მეძებრების ღრიალი ერთვის, თოვლზე ჩანს სისხლი და ლაქები წითელ ალამთა. |