გავხედავ ხვართქლნარევ ორღობეს, ღელეთა მწუხრში ჩახვეულ ლანდებს, მთის წვეროებთან მიხვეტილ ღრუბლებს და ხიდის ყურზე ჭარმაგ ნალბანდებს. როცა ვიგონებ, ფათფათი მჭვალავს, როგორც თვისტომი, ისე ვუყვარდი გვრიტების ფრთებით მოჭედილ ჭალას. დურდღლო სიცოცხლე კი ქარს წაეღო. ქვებივით დამრჩა გულის ფიცარზე ჭადრების ბინდი, კაკლების წენგო. ფერისცვალება, საფლავზე ხილი, ამბრიანთ ოჩას დუქნის დუდუკი და გალავანთან ჭრაქებით ლხინი. ეტიდან ეტში იების გუბე, დილით თივის ქვეშ შველი ბარათი: "რად მწერდი ლექსებს, რად დაიღუპე". კვერნაკის ვაკე, რუხი მინდორი. მთებზე ზოზინი სოფლის ნახირის, მდინარის გაღმა ვეება ქორი. მკათათვის ფუნჯით ნახატი წლები, ხან რუს ჩხრიალზე ღამე ნაძვებთან, ციცინათელას შუქის წვეთები. ჭრაქის კიაფი, საქონლის ფშვინვა, კერძით გასვრილი ჯამი თაროზე და ძველი სახლი წისქვილის წინა. მტკვარი გინებით სადმე გამრიყავს. როგორ მიყვარდა ჩემი სოფელი, როგორ მინდოდა იქ მოვმკვდარიყავ. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |