თარგმნა: გივი გეგეჭკორმა
ეგ შენი ტანი, გადრეკილი, თავბრუდამხვევი, თეთრია, როგორც შიშველი სკვითი, უმანკოებას აშრიალებ, მწვანედ გახელილს და გიცხრობს მიწა ფესვების ჭიდილს. და ის ლაჟვარდი ზევით გიტაცებს, შენს სხეულს ვნებით აკვნესებულს გიტოკებს ფესვი, რომ წმინდად იდგე დედამიწაზე. ნაზსა და პირქუშ ამ დედამიწას უნდიხარ მხოლოდ. იმის მკერდზე რა დაირწევა, ეგ შენი ჩრდილი თუ არ დაირწა. ნელსურნელება სადაც უბერავს, მაგრამ, ჭადარო, არ მოშალო მყუდრო სავანე, დარჩეს სავანედ და სასუფევლად. გადახლართული უთვალავ ჰიდრად, თრთის ნეკერი და ნეკერჩხალი, ცახცახებს ნაძვი მუხა შრიალებს უძველეს მკვიდრად. ებღაუჭება ნიადაგს ფესვი, გაბრუებული დაფარფატებს ქარში ნასროლი მკერდს მოწყვეტუილი ფრთოსანი თესლი. მოკრძალებული დგანან ქალები, ო, მათთვის კარი, თუმც თავებით ცას ეხლებიან, არ გაიღება მზის საბრძანებლის. აქ მხოლოდ ერთად დგომას და ქვითინს, დაბადებიდან დასწოლიათ ამ დახლეჩილი და ვერცხლისფერი მკლავების ტვირთი. და ჟამი დგება მთვარის ამოსვლის, მხოლოდ ის უნდა აფროდიტეს, რომ დაიმალოს - ქალწულს უნაზეს და კდემამოსილს, რომ აცისკროვნებს, სხვა შეკრთომაა, ჩაუსახავი, ხვალინდელი ცოდვის ნაყოფით უერთდება და ერთვის მომავალს. და შეგაფარეს თავი ლანდებმა, ფოთლის ცახცახით გაჩენილი ეგ ჯადოქრობა მხოლოდ ძილში თუ უჩინარდება. და ქედმაღლობის გადევს უღელი, მოახლოებულ ზამთრის დღეებს ეს ტრამონტანი შენი ფოთლების ქნარზე უმღერის. და ნეტარებით კვნესოდეს ტანი, გრიგალს შესჩივლე მწუხარება, აქეთ მოქრიან გზადაბნეული იმისი სპანი! და ცხოვრობს რწმენით და სასუფევლით, ცეცხლს ეკამათე, გადაქცეულს ჩამქრალ კოცონად, ცისკენ ვერ მიდის მისი ღრუბელი! რომ არ უხილავთ ჯერ მზის კისკისი, იმ ხეს შთაბერე იმედივით სუნთქვა მგზნებარე, რომ ენატრება ცეცხლის გიზგიზი! შენი შრიალით შრიალებს ბაღი, შენ ცა გიყურებს, ეგ თვალები აღაპყარ ზევით, შენს ლოცვას ელის ცისფერი თაღი! ო, მხოლოდ პოეტს ძალუძს, ჭადარო, ცხენის სრიალის თეძოების მედიდურობა შენს მოელვარე ტანს შეადაროს! ეგ მოხასხასე ამაყი თავი, რომელიც ისე მოიხრება, როგორც ბალახი, როცა გაიგებს ქარიშხლის ბღავილს! |