რას ფიქრობ, ნისლო ტიალო, შემჯდარო გორის ფხაზედა? განა შენც რამე გაწუხებს ამ ოხერ ქვეყანაზედა? რისხვა გაწვიმა თავზედა, ან იქნებ შენი მიჯნური შენს რაყიფს უწევს მკლავზედა? რისხვით ანთება წამზედა? შენაც თუ იცი ტირილი, ცრემლის დაგუბვა თვალზედა? ან დამწუხრება ძალზედა, ანდა თუ გყავის ნანდობი უტურფეს ქვეყანაზედა, ჰფიქრობ ავსა და კარგზედა? ჰაი, ჰაი, რომ მეც ვფიქრობ, შესხმა მეც ვიცი ფრთებისა, დილის მაღალის მთებისა; გული მეც გამიხარდების, რისხვითაც ამენთებისა; თვალზედაც ცრემლი მწვთებისა, ჩემი ცრემლია, დილით რომ ბალახზედ ნამი დგებისა; ჩემი ძმების და დებისა; თუმც კი მაღლა ვარ მთაზედა, დარდი მე აქაც მწვდებისა; მწვანე კალთები მთებისა, იმათ ენაცვლოს ჩემ თავი, ეს გული მათთვის ჰკვდებისა! |