კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

შენ ბორკილში ხარ, ჩემო ძმობილო, 

მე თავისუფლად დავიარები,

მაგრამ ორივეს თანსწორად გვტანჯავს

ნაბორკილევი და იარები!

შენ საკანში ხარ და მე მაგ საკანს

გულით ვატარებ დიდი ხანია

და ვინ დაითვლის, რაც იმისაგან

ტანჯვა-წვალება ამიტანია?

შენ ნუ გგონია, რომ საპყრობილე

მარტო მაგ ციხის კარდახშულშია!..

ის საპყრობილე უფრო მწვავეა,

რაც ჩაკირული სულს და გულშია.

რასაც შენ ეძებ, მეც მას ვეძებდი,

მისკენ მეჭირა ყური და თვალი

და დაქანცულმა ამაო ძებნით,

ვერსად ვერ ვპოვე მე იდეალი!..

ყველგან სიცრუე და თვალთმაქცობა,

ყველგან გაცემა და მოტყუება!..

უსამართლობა ჩაგრავს სიმართლეს...

ბოროტი კეთილს არ ეპუება!

მაგრამ სულ ასე ხომ არ იქნება?

ერთხელც იქნება, გასჭრის სიმართლე,

წახოცს დღევანდელ უსამართლობას,

შემოაშუქებს ბნელში სინათლე.

და იმ სინათლის ვინც რომ არ არის,

თავდადებული მაძიებარი,

რა სიცოცხლეა მისი სიცოცხლე?

ის აქავეა ხომ ცოცხალ-მკვდარი?

და ცოცხალ-მკვდრობას განა არა სჯობს,

ცოტა იცოცხლო, მაგრამ კაცურად?

და უსამართლო განსჯა-გაკითხვას

დაუხვდე ხოლმე კაცი კაცურად?

არა, არ გავცვლი ამ ჩემ განსაცდელს,

საუკუღმართო ნეტარებაში...

და არ წავიცდენ ბედის სამდურავს

არც ჩემ მოძღვართან აღსარებაში!

ნეტავი იმას, ვინც წრფელ განზრახვებს

თან ჩაიყოლებს სამარეშია!...

გრძნობა სიწმინდის, გრძნობა სიმართლის,

მომაკვდავთათვის ტკბილ-ნუგეშია!

გაუძელ, ძმაო, მაშ შენც მაგ საკანს,

კიდევ ეგა სჯობს სარაიასა,

თუმც მანდ ამოდის მხოლოდ ეკალი

და აქ კი კრეფენ ვარდს და იასა.

ჯერ ყმაწვილი ხარ, ეგებ მოესწრო,

იმ იდეალის აყვავებას,

რომ გამოხსნილი შენგან ქვეყანა,

შენ გიგალობდეს "ქებათ-ქებასა".

მე კი მოხუცი ვერ მოვესწრები!..

მაგრამ მით მაინც არ ვიტეხ გულსა

და შიგ კუბოში ჩავდებ იმედად:

"ძმობას", "ერთობას" და "სიყვარულსა".


პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები