კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

თარგმანი აკაკი წერეთლისა

 

ივანე კრილოვი - თაგვი და ვირთხა

ღარიბი და ღატაკი

საბრალო მათხოვარი

კარდაკარ დაღოღავდა,

შიმშილით ცოცხალ-მკვდარი.


კანჭტიტველს, ფეხშიშველას

და მონატრულს ქუდისა,

არაფერი ებადა,

გარდა ძველის გუდისა.


შემყურე მდიდრებისა,

იყო გაკვირვებული!

”რა  არის, რომ ვერ ძღება

იმათი  ხარბი  გული?


”საკმაო აქვს ყველასა

და მაინც მეტს ნდომობენ,

ფუჭ ცხოვრებას ებრძვიან,

შფოთავენ და ომობენ.


”მე  ვიცნობდი ერთს ვაჭარს!

რაც  უნდოდა, კი ჰქონდა,

მაგრამ  მაინც ვერ გაძღა,

კიდევ მეტი უნდოდა.


”დაეღუპა  ხომალდი,

გადუბრუნდა დროება,

გაკოტრდა და დღეს  საწყალს

ლუკმაც  კი  ენატრება.


”მეორესაც ვიცნობდი,  

იყო იჯარადარი,

იმანაც ფეხი წაჰკრა

და დღეს ღარიბად არი.


”მე კი დღიურ საზრდოსაც,

მომცა, დავჯერდებოდი!

ჩემთვის მოვისვენებდი,

ტკბილად დავბერდებოდი.”


ეს რომ სთქვა, გაჩნდა ბედი

და ეს უთხრა მათხოვარს:

იკმარე, რაც იგლახაკე,

აწ  შეჰბრალდი მაცხოვარს.


”ამიერითგან  უნდა

შენც იყო უზრუნველი!

მოდი, ოქროს  ჩაგიყრი,

მოჰკიდე გუდას ხელი!


”რასაც გუდა დაიტევს,

ღმერთმა  შენ მოგახმაროს

და  სულ მტვრად გადაიქცეს

ის, რაც ძირს დაგეყაროს!


”უფრთხილდი, არ დაგებნეს,

ან გუდა არ გაგისკდეს!

რომ შენი ოქროები

უცბად არ გაგიმტვერდეს!”


აივსო  გუდა, მაგრამ

გლახაკი არ  სჯერდება,

სტენის, რაც შეუძლია,

აწვება, არ ჩერდება!


აღარ  იცის, რაღა  ქნას,

სიამით ესხმის რეტი,

ზედ მაგრად მუხლს აჭირებს,

რომ  ჩაეტიოს  მეტი.


ბედი ამბობს: ”გეყოფა!

გაივსო, დასჯერდიო!”

გლახაკი ევედრება:

”ერთი კიდევ, ერთიო!”


ატენის რაც ღონე აქვს:

”აბა, გენაცვალეო,

ცოტა კიდევ ჩაჰყარე,

რომ გაივსოს მალეო.”


მაგრამ მეტი გაჭიმვა

გუდამ ვერ  აიტანა,

გასკდა და რაც იქ მოხდა,

თქვენს ორგულს იმისთანა:


ოქროები დაიბნა,

გადაიქცა უცბად მტვრად

და გლახა უმაძღარი

დარჩა ისევ მათხოვრად!

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

მსგავსი თემები