ჩვენი საუბარი ათას რამეს გადასწვდა: ქალთა თანასწორობას, 1905 წლის რევოლუციის გრიგალებს, მის მომდევნო რეაქციას, გმირობას და სილაჩრეს, დარსა და მოსავალს, აზიას და ევროპას და ბოლოს ბრბოს ფსიქოლოგიაზე შეჩერდა.
ერთმა მოხუცმა გვიამბო:
- ეს ამბავი ტფილისის მახლობლად მოხდა. მე იქაური მემამულე გახლავართ. ჩემმა ქალიშვილმა სოფიომ ის იყო სასწავლებელი გაათავა და საზაფხულოდ გვეწვია. სულ ერთი თვე არ გასულა, რომ ახალგაზრდა ქალი სოფლის თვალად გადაიქცა.
საოცარი არსება იყო: გულჩვილი, მგრძნობიარე და აღფრთოვანებული. თუ ვისმეს სურდა ენახა ამ ქვეყნად ჩამოსული ტანსხმული სიკეთე და სათნოება, ჩემს სახლში უნდა მოსულიყო. ჩემი ოჯახი დილიდან საღამომდე სტუმრებით იყო სავსე. ყველა იმასთან მოდიოდა: მამაკაცი, დედაკაცი, გლეხი, ქვრივი, ობოლი, ავადმყოფი და გაჭირვებული.
სოფიო ერთსადაიმავე დროს მათი ექიმიც იყო, მოსამართლეც, ჭირისუფალიც, დამრიგებელიც და მანუგეშებელიც. თუ გლეხებს საქმე ჰქონდათ ჩემთან – იჯარა, ღალის შემცირება, შეშის მოჭრა, ან სხვა რამე - ჯერ სოფიოსთან მიდიოდნენ, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, სათხოვარი აუსრულდებოდათ. ამრიგად, სოფიომ ზოგი ჩემი საქმეც ჩაიგდო ხელში და ჩემი შეძლებაც საქველმოქმედო წყაროდ გაიხადა. ჩვენ ხმას არ ვიღებდით: ჩვენი ერთა იყო და არაფერს არ ვუშლიდით.
თუ ვინმე სადილზე ან ვახშამზე მოგვასწრებდა, სოფიო მოიპატიჟებდა, გვერდით მოისვამდა, გააძღობდა, თხოვნას აუსრულებდა და გაისტუმრებდა. თუ ეტლით მიდიოდა ან მოდიოდა და გზაში ფეხით მიმავალი დედაკაცი ან გლეხი შეჰხვდებოდა, ეტლში ჩაისვამდა და თან წაიყვანდა. ხშირად მომხდარა, რომ მგზავრს სხვა გზა ჰქონია. მაგრამ ავდრის ან სხვა რომელიმე მიზეზის გამო სოფიოს იგი შინ მოუყვანია, გაუძღია, გაუთბია და მეორე დღეს გაუსტუმრებია.
ზოგჯერ შინიდან დილით გავიდოდა და მხოლოდ საღამოზე დაბრუნდებოდა. დილით ზემო უბნიდან დაჰყვებოდა და საღამოზე ქვემოთ უბანში გავიდოდა. უკან მუდმივ ბავშვები და დედაკაცები დასდევდნენ.
ერთხელ ვიღაცამ ანგელოზი დაარქვა. მას აქეთ მთელი სოფელი ამ სახელით იხსენიებდა. ხშირად იტყოდნენ ხოლმე:
- ჩვენს ანგელოზთან წავალ, ისევ ის თუ მიშველის, თორემ სხვა არავინ.
ან კიდევ:
- ჩვენი ანგელოზი ცოცხალი იყოს, თორემ მეტი არა გვი შავს-რა.
ან კიდევ:
- ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი ანგელოზი, ის რომ არ ყოფილიყო, ვინ იცის რა დღე დაგვადგებოდა.
სოფიო რომ სოფელში გავიდოდა, ეს ამპბავი მაშინვე მოედებოდა მთელ სოფელს. ერთი ვინმე იტყოდა: ანგელოზი დადის სოფელშიო, და ეს სამი სიტყვა ზემო უბნიდან ქვემო უბნამდე ჩაივლიდა. „ანგელოზი მოდის, ანგელოზი“, ეუბნებოდნენ ერთმანეთს დედაკაცები და კარმიდამოს ასუფთავებდნენ, იქაურობას ალაგებდნენ, რადგან ყველა მოელოღა იმის მოსვლას, სალამს, ნუგეშს, რჩევას და დახმარებას.
ტოლ-ამხანაგები დასცინოდნენ, ზურგს უკან ჰკიცხავდნენ. პირში კი ზოგჯერ ღიმილით ეტყოდნენ:
- რა არის, სოფიო, რომ ტყაპუჭა ბიჭ-ბუჭებს და გოგოებს გვერდით მოისვამ ხოლმე. კეთილი საქმე ჩვენც გვიყვარს, მაგრამ…
და საყვედურსა და დარიგებას მიაყრიდნენ.
სოფიო კი მორცხვად იღიმებოდა, პასუხს არ აძლევდა და ცდილობდა, რომ მისი სიკეთე არავის არ გაეგო და არავის არ დაენახა.
ერთხელ სოფელში რაღაცა სახადი გაჩნდა და ერთ კვირაში მთელ სოფელს მოედო. ოჯახი აღარ გადარჩა, რომ ავადმყოფი არა ჰყოლოდათ. სოფიო დაფაცურდა. ტფილისიდან ექიმი მოიწეია, მასთან ერთად დილით-საღამომდე ავადმყოფებთან ატარებდა დროს, უბნიდან უბანში გადადიოდა, და თან ნუგეში, ტკბილი სიტყვა, ალერსი და სათნოება დაჰქონდა. ჩვენ შეგვეშინდა, რამდენჯერმე გავაფრთხილეთ, ერთხელ-ორჯერ კიდევაც დავტუქსეთ, მაგრამ მან თავისი არ მოიშალა.
მალე თვითონაც გახდა ავად. მე, დედამისი, ექიმი და ნათესავები თავს ვეხვიეთ და ძლივსძლივობით გამოვტაცეთ სიკვდილს.
იმ ზაფხულს ჩვენს სოფელში ახლო-მახლო ქურდობა გავრცელდა. ჯერ კვერცხიდან და ქათმებიდან დაიწყეს, მერმე ცხვარსა და ღორზე გადავიდნენ, შემდეგ რამდენიმე გლეხს ხარ-კამეჩი გაურეკეს და ბოლოს სახლების მტვრევასაც შეუდგნენ. დღე არ გავიდოდა, რომ სოფელში არ ეთქვათ:
- წუხელ ნასყიდაანთ მიხას „მგლის ლეკვმა“ სარები გაურეკა.
ან:
- გუშინ გოდოლაანთ მეცხვარეს თათრები დაეცნენ და ოცი ცხვარი მოსტაცეს. ამბობენ „მგლის ლეკვიც“ იქ იყოო.
ან კიდევ:
- დღეს დილით, რიჟრაჟზე, კაიშაურის ქვრივს სახლი გაუტეხეს და რაც რამე ებადა, სულ წაიღეს. ესეც „მგლის ლეკვის“ საქმე უნდა იყოს.
გლეხები ხშირად შემომჩიოდნენ ხოლმე:
- აგვიკლეს ამ ჰარამზადებმა, შენი ჭირიმე, აგვიკლეს. არაფერი აღარ შეგვარჩინეს: არც ქათამი, არც ცხენი და არც ხარი, სულ აგვანიავეს. ღმერთმანი, აღარ ვიცით რა ვქნათ.
- ვიცით, ვინც არიან, - დაბალი ხმით დაუმატებდა მეორე, ბარემ ვიცით, მაგრამ რა ვქნათ, რომ ვერსად მოვასწარით და ხელი ვერ ვტაცეთ.
- რაღა დასამალავია, შენი ჭირიმე, ქვეყანამ იცის, მაგრამ ხმას არავინ არ იღებს, ეშინიათ, რადგან „მგლის ღუკვი“ თავზე ხელაღებული ბიჭია და თავის დაჭერას არავის არ შეარჩენს.
„მგლის ლეკვი“ ჩემს მეზობელს დათას ერქვა. ამხანაგად თავის ბიძაშვილი სოლო ჰყავდა. ორივენი ახალგაზრღა ბიჭები იყვნენ.
დათა ერთი თავზე ხელაღებული, აბეზარი, შარიანი, ქვეშქვეშა და ბოროტი ადამიანი იყო. მგლის ლეკვი იმიტომ დაარქვეს, რომ გარეგნობით და ხასიათითაც მართლა მგელს ჰგავდა. მის პირსახეზე ღიმილი ან სიცილი არავის არ ენახა. მუდამ თავჩაქინდრული დადიოდა და შუბლ-ქვეიდან ბოროტად აცეცებდა შავ თვალებს.
სოლო გულკეთილი ყმაწვილი იყო, მაგრამ უხასიათობის გამო დათამ დაიმორჩილა და ერთგულ ხელქვეითად გაიხადა.
ორივენი ჩემს თვალწინ წამოიზარდნენ. არც მუშაობდნებ, არცა ჰხნავდნენ, არცა სთესავდნენ, მაგრამ ახლო-მახლო მათზე უკეთესად ბევრი აზნაურიც ვერა ცხოვრობდა. წელზე ვერცხლის ქამრები ერტყათ. ფეხთ ხან დაკეცილ ჩექმებს იცვამდნენ, ხან თათრულ ტოლაღებს, თავზე ხან ბუხრის ქუდები ეხურათ, ხან ქალაქური „კარტუზი“, ჩოხებსა და ძვირფას აბრეშუმის ახალუხებს ხომ თვეში ერთხელ იცვლიდნენ.
თუ სოფელში იყვნენ, დილიდან საღამომდე დუქნებში ეყარნენ და ქეიფობდნენ. ზოგჯერ ქალაქიდან არღანი და ქალები მოჰყავდათ. საამხანაგოდ თათრებს გარდა არავის არ იკარებდნემ, მათთან კი დიდი მოყვრობა და ხშირი მისვლა-მოსვლა ჰქონდათ.
სოფელი გაბრაზდა და გაშმაგდა. ბევრჯერ უთვალთვალეს, ბევრჯერ ჩაუსაფრდნენ, მაგრამ ვერაფერიც ვერ გააწყეს: მგელი კარგად იყო დაგეშილი და ფრთხილად ნადირობდა.
ერთხელ ბაკიდან მეც ორი ხარი და ერთი ძროხა გამირეკეს. მთელი სოფელი ფეხზე დადგა. ქურდებს კვალდაკვალ მიჰყვნენ და იმავე დღეს, ათი ვერსის მანძალზე, ტტეში დაბმულ საქონელს წააწყდნენ.
დათას და სოლოს იქვე მახლობლად ეძინათ: ორივენი შეჰბოჭეს და ციხეში ჩასვეს, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ისევ გამოუშვეს, რადგან ქურდობა ვერ დაუმტკიცეს, ორივენი დაბრუნდნენ და სოფელს უარესი დღე დააყენეს. იმ გლეხებს კი, ვინც ყველაზე ბეჯითად ცდილობდნენ მათი დაჭერის დროს, არაფერი აღარ შეარჩინეს, მათი ოჯახი წყალს მისცეს და ერთს თავიც კი გაუტეხეს.
ორი კვირის შემდეგ ხელმეორედ დაიჭირეს. სასამართლომ ხელმეორედ გაამართლა. სოფელმა სთქვა: ისევ ჩვენ თუ მოვიშორებთ თავიდან, თორემ მთავრობას მაგათი მხარე უჭირავსო. მოილაპარაკეს და მზვერავი მიუჩინეს.
ერთხელ დილაადრიანად სოფელში რაღაც ხმაურობა ატყდა. მამაკაცები ქვემო უბნისკენ მირბოდნენ, დედაკაცები წიოდნენ, ბავშვები ტიროდნენ, მალე ეს წივილ-კივილი, მოთქმა და გლოვის ზარი მთელ სოფელს მოედო. ბიჭი გავგზავბე. ამბავი მომიტანა.
ქვემო უბანში, სოფლის განაპირას, ერთი მარტოხელა ქვრივი იდგა. სოფელში ხმა დადიოდა, ამ დედაკაცს კედელში ფული და ვერცხლეულობა აქვს შენახულიო. ეს ამბავი, რასაკვირველაა, დათასა და სოლოსაც ჰქონდათ გაგონილი.
იმ ღამეს თურმე ორივენი ეწვივნენ ქვრივს, ძალით შეამტვრიეს კარები და ხანჯლებით დაადგნენ. ქვრივმა ჯერ უარი უთხრა, მერმე კი, როცა ძალა დაატანეს, კუთხეში შამფურით ამოჩიჩქნა მიწა, ერთი პატარა კოლოფი ამოიღო და მისცა. სულ ორშაურიანები და აბაზიანები იყო. იქვე დათვალეს. თვრამეტი მანეთი და სამი აბაზი გამოვიდა. წასვლა დააპირეს. თავპირი ყაბალახებით ჰქონდათ ახვეული, მაგრამ ქვრივმა მაინც იცნო და თავისდასაუნედუროდ მიაძახა:
- დამაცადეთ, თქვე ჰარამზადებო, დამაცადეთ! განა ვერ გიცანით! დამაცა, შე მგლის ლეკვო, შენა!
ორივენი შეჩერდნენ და წაიჩურჩულეს, მერე გამობრუნდნენ, უბედური დედაკაცი ხანჯლებით აჰკუწეს და გაიქცნენ. ხალხმა ალღო აიღო და ორივე მკვლელს კარზე მიადგა. დათა ძარში დამალულიყო, სოლო ქვევრიდან ამოიყვანეს. სოლო მაშინვე გამოტყდა. დათა კი ცივ უარზე იდგა და ჩვეულებრივ თვალებს აბრიალებდა.
სოფიომაც გაიგო ეს ამბავი, ნაავადმყოფარი იყო: ორი დღის წინათ წამოდგა და ძლივს დადიოდა. ცოტა ხნის შემდეგ მგლის ლეკვის მოხუცი დედა წივილ-კივილით მოვარდა ჩვენსას, სოფიოს ფეხებში ჩაუვარდა და ატირდა.
- გენაცვალე, ქალბატონო, მიშველე! უშველე-ეეთ იმ პირშავს, იმას!
სოფიოც დაფაცურდა.
– ეხლავე მივდივარ… ნუ გეშინიან, არა უშავს-რა, მე ვუშველი, – ჰბუტბუტებდა და ტანისამოსს იცვამდა.
ვიცოდი, რომ მისი გასვლა სახიფათო იყო. მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ სიტყვით ვერაფერს გავხდებოდი, ამიტომ არ დავუშალე და მეც თან გავყევი.
მოხუცი დედაკაცი წინ მიგვიძღოდა და ხმამაღლა მოსთქვამდა. მე და სოფიო ხელიხელგაყრილნი მივსდევდით. ჩქარის ნაბიჯით მივდიოდით, მაგრამ სოფიო მაინც მაჩქარებდა.
ქვრივის სახლს ერთი მხრით გზა ჩაუდიოდა, მეორე მხრით რიყე. პატარა ეზო ხალხით იყო გატენილი. მთელ სოფელს – დიდსა და პატარას, კაცსა და დედაკაცს, მოხუცსა და ახალგაზრდას – ამ ეზოში მოეყარა თავი. ახალმოსულნი ქუდს იხდიდნენ. სახლში შედიოდნენ და ცოტა ხნის შემდეგ პირმოღუშული და თვალცრემლიანი გამოდიოდნენ. დედაკაცები შორიდანვე იწყებდნენ ხმამაღლა ტირილსა და მოთქმას. სახლიდანაც მოისმოდა მათი მოთქმა. ერთი მოხუცი დედაკაცი, მოკლული ქვრივის ნათესავი, იქვე დირესთან იჯდა და გაჰკიოდა:
- გაგიხმეთ ეგ მარჯვენა, ბიჭებო-ო… რატომ ადრევე დედათქვენს მუცელში არ გაუწყალდით, თქვე პირშავებო, თქვენა-აა…
მამაკაცები აქა-იქ შეჯგუფულიყვნენ და ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. წამდაუწუმ ისმოდა:
- მეტი მოთმენა აღარ შეგვიძლიან. მთავრობას რომ გადავცეთ, ასევ გამოუშვებენ.
- ჰოდა რა, გამოუშვებენ მა რა!
- აი, ხალხო, ეხლავე, გეუბნებით, - ცხარობდა ის გლეხი, რომელსაც დათას მიერ თავი ჰქონდა გატეხილი, - ეხლავე, გეუბნებით, აი აქვე ღორებივით დავკლავ ორივეს ამ ხანჯლითა და მერმე, რაც მომივა, მომივა, ისევ ისა სჯობიან, რომ ციმბირში გამგზავნონ, თორემ სულ ერთია, მაგ მგლებს ვერ გადავურჩები.
- მოჰყავთ! - წამოიძახა ერთმა.
- მოჰყავთ! მოჰყავთ! - გაისმა აქეთ-იქიდან და ყველა გზას მიაჩერდა.
დათას დედა არ გვშორდებოდა. სოფიო წამდაუწუმ ამშვიდებდა მას:
- შენ ნუ გეშინიან… არხეინად იყავი… ნუ შეგეშინდება.
კეტებითა და ხანჯლებით შეიარაღებულმა ათიოდე ახალგაზრდამ ორი შებოჭვილი კაცი შემოიყვანა ეზოში. ორივეს ხელები უკან ჰქონდათ გაკრული. ხალხი მიესია. აქეთ-იქით დრტვინვა და მუქარა გაისმა:
- ჰააი, თქვე ჰარამზადებო, მგლის ლეკვებო, პირშავებო, ყაჩაღებო!
ერთი სამოცი წლის ბებერი დათას წინ აეტუზა და თვალცრემლიანმა მთრთოლვარე ხმით უთხრა:
- შეგირცხვეს ეგ ულვაში ფუჰ, შენს ვაჟკაცობას და შენს მარჯვენას! - და ორივეს პირსახეში მიაფურთხა.
ხალხი შეინძრა. ყველანი მკვლელებისაკენ იწევდნენ, რივ-რიგად აფურთხებდნენ პირსახეში და იმეორებდნენ:
- ფუჰ, შენს ვაჟკაცობას! ფუჰ, შენს მარჯვენას!
ერთი დედაკაცი დათას პირსახეში ეცა და თვალების კაწვრა დაუწყო, ხალხში დრტვინვამ იმატა. ჰაერში ჯოხი, სახრე და კეტი აირია, ყველა წინ მიიწევდა.
ვიღაცამ დაიძახა:
- დაიცადეთ, ხალხო! ჯერ ვალაპარაკოთ, სულ ერთია, ვერსად ვერ წაგვივლენ.
ხალხმა უკანვე დაიწია.
- აბა, დავიწყოთ! – სთქვა პირველმა.
უცებ მეორემ წამოიძახა:
- მკვდარი გამოვიყვანოთ და ზედ ვალაპარაკოთ.
- გამოვიყვანოთ! გამოვიყვანოთ! – დაუბეჭდეს აქეთ-იქიდან.
რამდენიმე კაცი შინ შევიდა. ორივე მკვლელი განზე გააყენეს და უკან რამდენიმე შეიარაღებული ახალგაზრდა მიუყენეს.
სოლოს ნაცრის ფერი ედო და თვალზე ცრემლი უბრწყინავდა, დათა კი შუბლქვეიდან მგელივით იცქირებოდა, თვალებს ათამაშებდა, იქაურობას ათვალიერებდა და ეტყობოდა, რომ მხოლოდ თავის დაღწევაზეღა ჰფიქრობდა.
დედაკაცებმა ტირილს უმატეს. ოთხმა კაცმა გვამი გამოიტანა: უკან დედაკაცები მოსდევდნენ. ხალხი შუაზე გაიპო და გზა მისცა. ფარდაგი გამოიტანეს, დათას და სოლოს ფეხებთან გაუშალეს და ზედ ცხედარი დაასვენეს.
ერთმა დედაკაცმა ცხედარს სუდარა აჰხადა. გულ-მკერდი გაუხსნა და ჭრილობები გამოუჩინა. ყველანი გაჩუმდნენ. მკვდარი სიჩუმე ჩამოწვა.
მამაკაცებმა ქუდები მოიხადეს. ხანგამოშვებით ხან აქედან და ხან იქიდან ჩუმი ოხვრაღა ისმოდა. ყველანი სოლოსა და დათას მიაჩერდნენ.
დათას პირსახეზე ცვლილება არ დაეტყო. ცხედარს თვალი მოაშორა და განზე დაიწყო ცქერა.
სოლო ქვრივის გვამს მიაჩერდა. რამდენიმე ხანს კისერწაგძელებული ჩაციებით უყურებდა მკვდრის პირსახეს. გაშეშდა, გაინაბა, თითქო გულის ფეთქვაც კი შეიჩერაო. მერმე ნელ-ნელა ცახცახი დაიწყო, პირსახე აუთამაშდა, ტუჩები აუკანკალდა, წამწამები აუხამხამდა, ტანში მოიშალა, ნელ-ნელა წაიწია, მუხლი მოდრიკა, ცხედარს გულზე დაეცა და ქვითინით ამოიკვნესა:
- ვაი, დედილო-ო-ო!
ეს ორი სიტყვა ხალხს ნაკვერჩხალივით მოჰხვდა.
- ვაი დედა შენსა, შე უბედურო, შენა! - წააბუტბუტა ერთმა დედაკაცმა.
- უჰ, საწყალი, - ამოიოხრა მეორემ.
- საწყალი… საბრალო. საწყალი… - ისმოდა აქეთ-იქიდან და ყველა ჰგრძნობდა, რომ „საწყალი“ ეხლა ცხედრის მკერდზე მგლოვიარე სოლო იყო.
სოფიომ მკლავში ხელი მტაცა და გვერდზე ამეკრა. მთელი ტანით ცახცახებდა, პირსახე გაფითრებული ჰქონდა, ქვედა ტუჩი უთამაშებდა, აჩქარებით ჰსუნთქავდა და ხანგამოშვებით პირში მომდგარ ნერწყვს ჰყლაპავდა. დათას დედა ისევ წუწუნებდა და ჩურჩულით ამუდარებდა სოფიოს:
- შენი ჭირიმე, ქალბატონო… შენი ჭირიმე. შენ გენაცვალე, გენაცვალე-ე…
სოფიო პასუხს არ აძლევდა და წეღანდელივით აღარ ამშვიდებდა.
- სოფიო, წავიდეთ. - ვუთხარი მე.
- არა, დაიცა, - მთრთოლვარე ხმით მიპასუხა და ისევ სოლოს და ცხედარს ჩაცქეროდა. სოლო კი ქვრივის გულზე გულამოსკვნით ტიროდა, ისევ თრთოდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ იმეორებდა:
- ვაიმე, დედილო… დედილოჯან… დედილო…
- გაუხსენით ხელები, თქვე ურჯულოებო, - დაიძახა ვიღაცამ.
ხუთნი მისცვივდნენ და ფაცი-ფუცით გაუხსნეს ხელები.
- ააყენეთ! – დაიძახა მეორემ.
ისევ ხუთნი მისცვივდნენ და ზეზე წამოაყენეს.
- მეორედ აღარ გაჰბედო, - ტკბილი ხმით უთხრა ერთმა მოხუცმა, - თორემ ხომ იცი…
- აღარ გაჰბედავს, არა! – წაესარჩლნენ აქეთ-იქიდან.
ხმა აღარავის ამოუღია. რადგან ყველა ჰგრძნობდა, რომ ხალხმა სოლოს დანაშაული აპატია.
სოლო ხალხში გაერია და მიიმალა.
ჯერი დათაზე მიდგა.
ერთმა ახალგაზრდამ წამოიძახა:
- ერთი დახე, ერთი დახე ამ მგლის ლეკვს, როგორ იცქირება!
- ხაფანგში გაბმულ მგელს არა ჰგავს? - წამოიძახა მეორემ.
დათა მართლა ხაფანგში გაბმულ მგელსა ჰგავდა: უფრო დადაბლდა, მოიკუმშა, მოიკუნტა და კისერი მხრებში ჩაიძვრინა.
ვიღაცამ შეუტია:
- დაიჩოქე, შე მგლის ლეკვო, შენა!
ხალხი ისვე გაბრაზდა, წათამამდა.
- დაიჩოქე! დაიჩოქე! - გაისმა აქეთ-იქიდან, მაგრამ დათამ ფეხიც არ მოიცვალა.
- დააჩოქეთ! ძალით დააჩოქეთ, - მიაძახეს აქეთ-იქიდან.
მისცვივდნენ, ხელი წაავლეს და უნდოდათ ძალით დაეჩოქებინათ, მაგრამ ვერ დააჩოქეს. დათა გაძალიანდა. მისმა სიკერპემ და ურჩობამ ხალხი უარესად გააცეცხლა.
– ერთი დახე ამას! ერთი დახე, რომ კიდევაც ძალაზეა! - წამოიძახა ერთმა და კისერში წაჰკრა, მეორემ სახრე გადაჰკრა, მესამემ სილა გაარტყა, ბებერი დედაკაცი ხელმეორედ ეცა თვალებში.
- ხალხო! – ხმამაღლა დაიძახა ერთმა მოხუცმა, - სმენა იყოს! ჩოჩქოლი შეწყდა და სრული სიჩუმე ჩამოვარდა.
- ხალხო! – გაიმეორა მან, – ეს მგელი რომ ცოცხალი გავუშვათ, მთელ სოფელს აიკლებს.
- მართალია, მართალი! აიკლებს, აიკლებს! - იგრიალა ხალხმა.
- არ შეიძლება მაგის გაშვება! არ შეიძლება, არა, - ჰყვიროდნენ სხვები.
- მთავრობას რომ გადასცეთ, ისევ გამოუშვებენ და უარეს დღეს დავაყრის, - განაგრძო მოხუცმა.
- მართალია, მართალი!
- არ შეიძლება მაგის გაშვება, არა!
- ჩვენვე უნდა გავუსწორდეთ, ჩვენვე!
უცებ ამ საერთო ყვირილსა და ხმაურობაში მკაფიოდ გაისმა ერთი სიტყვა, ის ერთადერთი სიტყვა, რომელიც ყველას ენაზე უტრიალებდა, მაგრამ მის წარმოთქმას ჯერ ვერავინ ჰბედავდა:
- ჩავაქვავოთ!
და ხალხმა ერთხმად იგრიალა:
- ჩავაქვავოთ! ჩავაქვავოთ!
და ბრბოს სამართალი - უბრალო და მრასხანე - შადრევანივით ამოვარდა. ბრაზი რისხვას მოაჯდა, ორივემ შურისძიებას აღვირი მიუშვა და დეზი წაჰკრა.
დათას დედა, თმაგაწეწილი და ელდანაცემი, დაფეთებული დარბოდა, აქეთ-იქით აწყდებოდა და ხრინწიანი ხმით იხვეწებოდა:
- ხალხო, მაპატიეთ… ხალხო, მე მაპატიეთ…
პასუხად კი იგივე ერთი სიტყვა ისმოდა:
- ჩავაქვავოთ! ჩავაქვავოთ!
ხალხი შეინძრა და უკვე გაფითრებულსა და შეშინებულ დათას გარს შემოერტყა. ზოგი მუშტით ემუქრებოდა, ზოგი ჯოხით, ზოგი ფრჩხილებით. ის ერთი სიტყვა კი კვლავ ჰგრგვინავდა და ჰქუხდა.
ამ სიტყვას რაღაც იდუმალი, უხილავი და საშინელი ძალა ჰქონდა. წეღან ნახულმა სურათმა - სოლოს სინანულმა და გულჩვილობამ, და დათას თავხედურმა სიკერპემ, მისმა გულქვაობამ, მოუდრეკელმა ურჩობამ, სიმტკიცემ და კადნიერებამ მეც ბოღმით, შხამით და შურისძიებით ამივსეს გული.
ეს გრძნობა თანდათან მემატებოდა, ნერვებს მითამაშებდა, გულს მიტოკავდა, მბოჭავდა და გონებას მიბნელებდა.
როცა პირველად წამოიძახეს ის ერთი სიტყვა, რომელიც მოკლედ თქმული განაჩენი იყო გამწარებული ხალხისა, მე არ შემშინებია, უფრო მეტსაც ვიტყვი: იქ, ჩემ გულში, ვიღაცამ სიამოვნებით წაიბუტბუტა: „ღირსია! ახია!“ მერე კი, როცა ხალხი აღელღა, როცა მისი ძლიერი კივილი აღშფოთებისა მომესმა და მეც გადმომცა თავისი პირუტყვული სურვილი სამაგიეროს გადახდისა, შურის ძიებისა, მეც ვიგრძენი, რომ მოვალე ვიყავი საერთო ფეხის ხმას ავყოლოდი, მეც შევრეულიყავ ხალხის მორევში და მის ტალღებში გამეთქვიფა ჩემი საკუთარი ნება, ადამიანური გრძნობა, პიროვნება და გონება.
სოფიოს გადავხედე. თითებს ათამაშებდა, პირსახეზე კუნთები უთრთოდა და გაფითრებული შესცქეროდა დათას.
მივხვდი, რომ ისიც იმავე უხილავსა და იდუმალ ძალას ჰყავდა დამორჩილებული, რომ ხალხის ყვირილმა ისიც გაიტაცა, რომ იმ ერთმა სიტყვამ „ჩააქვავეთ!“ იმასაც აუბა თვალი, რომ იმ ჟამად სასტიკი განაჩენი სოფიოსაც უმაღლეს სამართლიანობად მიაჩნდა და მის აღსრულებას ის ხელს აღარ შეუშლიდა, თავის დაპირებას აღარ შეასრულებდა და მოხუც დედაკაცს შვილს აღარ გადაურჩენდა.
ხალხი კვლავ ხმაურობდა. ერთმანეთს აქეზებდნენ, ამხნევებდნენ და უცდიდნენ, აბა პირველი ვინ დაიწყებსო.
დათა ატოკდა, გაიწია, მაგრამ არ გაუშვეს. ცოტა ხნის შემდეგ ისევ გაიწია. ორ ახალგაზრდას ხელიდან გაუსხლტა და ხალხში შეერია.
ეს საკმარისი იყო. მან თავისდასაუბედუროდ ხალხს თვითონვე მისცა ნიშანი.
დაიჭით! დაიჭირეთ! - გაისმა ყოველ მხრივ.
- ჰარიქა! გაიქცა! ჰარიქა!
დაედევნენ და დაიჭირეს. ვიღაცამ წამოიძახა:
- რიყეზე გაიყვათ, რიყეზე!
სხვებმაც გაიმეორეს:
- რიყეზე! რიყეზე!
რიყეც იქვე იყო. ხალხი დაიძრა. ერთმანეთს ხელისკვრით და სახრეებით ერეკებოდნენ. ხუთიოდე წამქეზებელი გარშემო ურბენდა ხალხს და ყვიროდა:
- დედას ვუტირებთ, ვინც უკან დაიწევს და ხალხს უღალატებს! დედას ვუტირებთ!
სოფიო თვალიდან დამეკარგა. ხალხის ტალღამ მეც რიყისკენ გამიტაცა. დათა კინწისკვრით მიჰყავდათ. იკბინებოდა, წიხლებს ისროდა, თავით, ფეხებით და ხელებით იბრძოდა, ჰღმუოდა და რაღაცას ჰბურტყუნებდა, მაგრამ ყურს აღარავინ არ უგდებდა.
ყველაზე წინ დედაკაცები გარბოდნენ. ხალხი რიყეს ჭიანჭველასავით მოედო. მერმე ყველანი გაიშალნენ და ქვებს დაუწყეს აკრეფა.
ჩემს უკან კვლავ ისმოდა მუქარა:
- დედას ვუტირებთ, ვინც უკან დაიწევს, დედასა!
ერთმა მოხუცმა ხელში ქვა მომაჩეჩა და მომაძახა:
- დაიჭი, ბატონო, ეხლა შენც ჩვენი ხარ.
იმ დროს მართლა მეც იმათი ვიყავი. ქვა ხელში შემრჩა.
ვიღაცამ დაიძახა:
- გაუშვით! - და ხალხმაც ერთხმად გაიმეორა:
- გაუშვით! ხელი გაუშვით!
დათას ხელი გაუშვეს და შუა წრეში დასტოვეს.
- ეხლა დაჰკათ! - წამოიძახა მეთაურმა გლეხმა.
იმავე წუთს დათამ თავი დაღუნა და ხალხში შევარდა. ხალხი შეინძრა და აირია.
- ჰარიქა, გაიქცა! გაიქცა!
დათამ წრე გაარღვია და თავქვე დაეშვა. მთელმა ხალხმა იგრიალა და ყვირილით დაედევნა. ჰაერში ჯერ ერთმა ქვამ გაიელვა, მერმე მეორემ, მესამემ, მერმე რამდენიმემ ერთად და ბოლოს ქვის სეტყვა წამოვიდა.
დათა ჯერ წატორტმანდა და ჩაიკეცა. შემდეგ ისევ წამოიწია, წელი აითრია და ფოფხვა დაიწყო, მაგრამ ბრბო უკვე თავთ წაადგა. ყვირილი შეწყდა და მხოლოდ ქვის რახარუხიღა ისმოდა.
ლოდი, კეტი, სახრე და ჯოხი ერთმანეთში აირია.
უცებ სოფოს მოვკარი თვალი. ხელები უკან ჰქონდა დაწყობილი. იმასაც ერთი ქვა ეჭირა. ერთი მოხუცი დედაკაცი გაცხარებით იმ ჩაქვავებულზე უთითებდა და რაღაცას ეუბნებოდა, სოფოსკენ გავექანე, მაგრამ გვიანღა იყო.
სოფიომ შორიდანვე მაღლა ასწია ხელი, ქვეით გაექანა, ხალხში შეიჭრა და მიიმალა. ერთი წუთის შემდეგ უკანვე გამოვარდა და გამოიქცა. რომ დამინახა, ორთავე ხელი პირსახეზე აიფარა, ჩემსკენ გამოექანა და გულზე დამეცა.
ყველაფერი გათავდა. ხალხი ჯერ შესდგა, მერმე გაიფანტა. ხმას აღარავინ არ იღებდა. ყველა ქურდივით მიიპარებოდა. ზოგი ზევით მირბოდა, ზოგი ქვევით, ზოგი მარცხნივ და ზოგიც მარჯვნივ.
უმეტესობა ისე გარბოდა, თითქო უკან ვინმე მისდევდაო. ერთმანეთს თვალს არიდებდნენ, რადგან ერთმანეთისა სცხვენოდათ.
რიყეზე ოთხნიღა დავრჩით: ქვებში დაფლული დათა, იქვე მახლობლად წაქცეული, გულწასული მოხუცი დედა, მე და სოფიო.
ჩემი ქალი მომეხვია, კოცნა დამიწყო და სხაპასხუპითა და ნაწყვეტ-ნაწყვეტად იხდიდა ბოდიშს.
- მე… მე არ მინდოდა… არ მინდოდა… ის დედაკაცი… იმ დედაკაცმა… შემაცდინა…
მეტი ვეღარაფერი სთქვა. ტირილი დაიწყო და სიცილიც გაურია, თან მკოცნიდა და იმეორებდა:
მეც… ერთი ქვა, ერთადერთი ქვა მეც ვესროლე… ერთი ქვა… ერთადერთი.
შეწუხებული და თითქმის გულწასული ჩემი გოგონა ძლივს ავიყვანე სახლში.
იმავე საღამოს ხელმეორედ ჩავარდა ლოგინად.
მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ სახადი ხელმეორედ მოუბრუნდა. ათ დღეს იტანჯებოდა ჩვენი ერთა.
ვისაც დაინახავდა - მე, დედას, ექიმს, მოახლეს თუ მოჯამაგირეს, - ყველას იმ ერთ ქვაზე გველაპარაკებოდა და გეარწმუნებდა, გვეფიცებოდა, როს ის ავი ქალი არ იყო, რომ ის ვიღაცამ შეაცდინა, თვალები დაუბნელდა და ისიც კი არ ახსოვდა, თუ როგორ აიღო ის ერთი ქვა და როგორ ესროლა დათას.
სიცხეში ხშირად ჰბოდავდა:
- ერთი ქვა ვესროლე… მხოლოდ ერთი… ისიც ეშმაკმა მასროლინა… მე არ მისროლია, არა… არა!
ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ მოხუცმა ჩურჩულით დაუმატა:
- ერთი კვირის შემდეგ ავადმყოფი ხელიდან გამოგვეცალა.
1908 წ
პარიზი.