სიბერე ჩვენი ცხოვრების საფეხურია, რომელსაც, ისევე როგორც მის სხვა ეტაპებს, აქვს საკუთარი სახე, საკუთარი ატმოსფერო და ტემპერატურა, საკუთარი სიხარული და დარდი.
ჩვენ, ჭაღარა მოხუცებს, ისევე როგორც ჩვენს უმცროს თანამოძმეებს, გვაქვს ამოცანა, რომელიც აზრს აძლევს ჩვენს არსებობას, ისევე როგორც სასიკვდილოდ განწირულ ავადმყოფს, მომაკვდავსაც - რომლის სარეცლამდეც საეჭვოა, მიაღწიოს ხმამ ამქვეყნიური სამყაროდან - აქვს თავისი ამოცანა, მანაც უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი და საჭირო საქმე.
იყო მოხუცი - ისეთივე შესანიშნავი და აუცილებელი ამოცანაა, როგორც იყო ახალგაზრდა, ისწავლო კვდებოდე (სიკვდილი) და სიკვდილი ისეთივე საპატიო ფუნქციაა, როგორც სხვა ნებისმიერი, - იმ პირობით, თუ ეს სრულდება ყოველგვარი სიცოცხლის აზრისა და სიწმინდის წინაშე მოწიწებით, კრძალვით.
მოხუცი, რომლისთვისაც სიბერე, ჭაღარა და სიკვდილის სიახლოვე მხოლოდ საძულველი და საშინელია, ისეთივე უღირსი წარმომადგენელია თავისი ცხოვრების ამ ეტაპისა, როგორიც ახალგაზრდა და ძლიერი ადამიანი, რომელსაც სძულს თავისი საქმიანობა, ყოველდღიური შრომა და ცდილობს მისგან თავი დაიძვრინოს.
მოკლედ რომ ვთქვათ: სიბერეში შენი დანიშნულება რომ შეასრულო და თავი გაართვა შენს ამოცანას, შეთანხმებული უნდა იყო სიბერესთან და იმ ყველაფერთან, რაც მას თან მოაქვს, უნდა უთხრა: "დიახ".
ამ "დიახის" (დასტურის), იმის მზადყოფნის გარეშე, რომ მივეცეთ მას, რასაც ჩვენგან ბუნება ითხოვს, ჩვენ - მოხუცები ვართ თუ ახალგაზრდები - ვკარგავთ ჩვენს დღეთა ფასეულობასა (მნიშვნელობას) და აზრს და სიცოცხლეს ვატყუებთ.
ყოველმა ადამიანმა იცის, რომ სიბერეს ახლავს ათასგვარი ტვირთი და რომ ის სიკვდილით მთავრდება. წლითი წლობით მსხვერპლი უნდა გაიღო და ბევრ რამეზე უარი თქვა. უნდა ისწავლო, აღარ ენდო შენს გრძნობებსა და ძალებს.
გზა, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ შენთვის პატარა გასეირნება იყო, გრძელი და რთული ხდება, და ერთ მშვენიერ დღეს ვეღარც შევძლებთ მის გავლას.
უარის თქმა გვიხდება საჭმელზეც, რომელიც მთელი ცხოვრება გვიყვარდა.
სულ უფრო იშვიათად განვიცდით ფიზიკურ სიამოვნებასა და სიხარულს და ამ სიამოვნებისთვის სულ უფრო ძვირი უნდა გადავიხადოთ.
და შემდეგ, ყოველგვარი სნეულება და ავადმყოფობა, გრძნობების დაჩლუნგება, ორგანოების დასუსტება და ათასნაირი ტკივილი, განსაკუთრებით ღამღამობით, ხშირად ასეთი ხანგრძლივი და საშინელი - ამ ყველაფერს თავს ვერ დააღწევ, ეს მწარე სინამდვილეა.
მაგრამ საცოდაობა და სამწუხარო იქნებოდა, რომ მარტოოდენ დაკნინების, დაცემის ამ პროცესს მისცემოდი და ვერ დაგენახა, რომ სიბერესაც აქვს თავისი კარგი მხარეები, უპირატესობა, თავისი სანუგეშო და სასიხარულო.
როცა ორი მოხუცი ერთმანეთს ხვდება, მათ მხოლოდ წყეულ ნიკრისის ქარებზე, სხეულზე, რომელიც აღარ გემორჩილება და ქოშინზე, კიბეზე ასვლისას რომ გაწუხებს, კი არ უნდა ილაპარაკონ, არამედ სასიხარულო და სასიამოვნო შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებზე. ასეთები კი მრავლადაა.
როცა შეგახსენებთ მოხუცთა ცხოვრების ამ დადებითსა და შესანიშნავ მხარეზე და იმაზე, რომ ჩვენ, ჭაღაროსნებს, გვსმენია ძალის, მოთმინების, სიხარულის ისეთი წყაროების შესახებ, რომლებიც ახალგაზრდების ცხოვრებაში არავითარ როლს არ ასრულებენ, მე არ შემფერის ვილაპარაკო რელიგიისა და ეკლესიის ნუგეშისცემაზე. ეს მღვდლის საქმეა, მაგრამ შემიძლია, ჩამოვთვალო რაღაც-რაღაც საჩუქრები, რომლებიც ჩვენთვის სიბერეს მოაქვს.
მათგან ჩემთვის ყველაზე ძვირფასია საგანძური იმ სურათებისა, რომლებიც ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ გონებაში აღგბეჭდვია და რომლებსაც, როცა შენი აქტიურობა ცხრება, სრულიად სხვა თანაგრძნობით უმზერ, ვიდრე ოდესმე წინათ.
იმ ადამიანთა ხატებანი და სახეები, რომლებიც უკვე სამოცი-სამოცდაათი წელია წასულან ამ ქვეყნიდან, ისევ ჩვენთან არიან, გვიცქერენ ცოცხალი თვალებით.
უკვე გამქრალ და სრულიად გადასხვაფერებულ სახლებს, ბაღებსა და ქალაქებს ვხედავთ ცოცხალთა და უვნებელთ, როგორც ოდესღაც, და შორეულ წლებში, ზღვისპირეთს, სადაც ათეული წლების წინ ვიმოგზაურეთ, ისევ მთელი თავისი ფერადოვნებით აღვიქვამთ ამ ჩვენს სურათებიან წიგნში.
მზერა, დაკვირვება, ჭვრეტა სულ უფრო მეტად გადადის ჩვევაში და განწყობილება და დამკვირვებლის პოზიცია განსაზღვრავს ჩვენს საქციელს.
... სურვილების, ოცნებების, გატაცებებისა და ვნებებისგან დევნილები, ჩვენც, როგორც ადამიანთა უმრავლესობა, ჩვენი ცხოვრების წლებსა და ათასწლეულებში მივქროდით მოუთმენლად, ცნობისმოყვარეობითა და იმედებით, მტკივნეულად განვიცდიდით წარმატებებსა და იმედგაცრუებებს, დღეს კი ჩვენი საკუთარი ცხოვრების დიდი, ილუსტრირებული წიგნის ფურცვლისას გვიკვირს, როგორი მშვენიერი და საამურია გამოხვიდე ამ რბოლიდან და სწრაფვიდან, და მიეცე vita contemplativa-ს (ჭვრეტითი ცხოვრება).
აქ, მოხუცთა ამ ბაღში, ყვავის უამრავი ყვავილი, რომელთა მოვლაზეც კი არ გვიფიქრია. აქ ყვავის ყვავილი მოთმინებისა, მარცვალი კეთილშობილი, ჩვენ ვხდებით უფრო მშვიდნი, შემწყნარებელნი და რაც უფრო ნაკლები მოთხოვნილება გვაქვს ჩავერიოთ და ვიმოქმედოთ, მით მეტი უნარი გვეძლევა, დავაკვირდეთ და ყური მივუგდოთ ბუნების სიცოცხლესა და ჩვენს თანამოძმეთა ცხოვრებას, კრიტიკის გარეშე ვადევნოთ თვალი მის მსვლელობას და გვიკვირდეს მისი მრავალფეროვნება, ზოგჯერ - თანაგრძნობითა და ჩუმი სევდით, ზოგჯერ - სიცილით, ნათელი სიხარულით, იუმორით.
ამას წინათ ბაღში კოცონთან ვიდექი და ცეცხლში ვყრიდი ფოთლებსა და გამხმარ ტოტებს. ეკლიანი ღობის იქით ჩაიარა მოხუცმა ქალმა, რომელიც ალბათ 80 წლის იქნებოდა.
იგი შეჩერდა და ყურება დამიწყო. მე მივესალმე, მაშინ მან გაიცინა და მითხრა: "სწორად მოიქეცით, კოცონი რომ გააჩაღეთ. ჩვენს ასაკში დროა, ნელ-ნელა შევეგუოთ ჯოჯოხეთს". ამან მისცა ტონი საუბარს, რომლის დროსაც ერთმანეთს შევჩივლეთ ათასგვარი ტკივილისა და გაჭირვების შესახებ, მაგრამ სულ ხუმრობით (ხუმრობის კილოთი).
საუბრის ბოლოს ვაღიარეთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ საშინლად მოხუცები, სანამ ჩვენს სოფელში ცხოვრობს ყველაზე უხუცესი, რომელიც ასი წლისაა.
როცა სრულიად ახალგაზრდები თავიანთი ძალის უპირატესობითა და გულუბრყვილობით ჩვენს ზურგს უკან იღიმებიან, სასაცილოდ ეჩვენებათ ჩვენი მძიმე სიარული და დაძარღვული ყელი, ჩვენ ვიხსენებთ, როცა ასეთი ძლიერები და ასეთივე მიამიტები ვიყავით, ოდესღაც ჩვენც ვიცინოდით, და სრულიად არ მიგვაჩნია, რომ დამარცხებულები ვართ, არამედ გვიხარია, რომ ცხოვრების ამ საფეხურს გადავაბიჯეთ და გავხდით უფრო ჭკვიანნი და მომთმენნი.
მთარგმნელი: რუსუდან დარჩიაშვილი