კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

არა მარტოდენ მამულის, ანდა

არა მარტოდენ წინაპრის ვალით,

საქართველოში ათგზის ძნელია,

იყო პოეტი და იყო ქალი.

ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხშიშველი

გაჰყვე ეკლიან უცნობ ბილიკებს,

ვიღაც ფეტვივით მოგაყრის ჭორებს,

ვიღაც ქარივით გაგაქილიკებს,

ეს იმას ნიშნავს, ყოველ ცისმარე

მზის სხივით ქსოვდე ჩალისფერ დროშებს

და სიმართლისთვის ზღაპრის გმირივით

რკინისგან ნაჭედს იცვამდე ქოშებს,

ეს იმას ნიშნავს, რომ ცალი ხელით

აკვანს არწევდე, სად სხივი ჩადგა,

ხოლო მეორით კემსავდე ძველი

მეტაფორებით გაცვეთილ ფარდაგს.

იყო ერთგული დედა და ცოლი,

თანაც ფეხდაფეხ სდიო ქარაშოტს,

ეს იმას ნიშნავს, ვით ცეცხლს ფარვანა,

სიკვდილს ბავშვივით შეეთამაშო.

და სხვა კეკლუცი ქალების დარად,

არ შეგისრულდეს ნატვრა აროდეს,

არ იყოს ვინმე, სიმარტოვიდან

შენს დასახსნელად მოუხაროდეს,

ეს იმას ნიშნავს, არ განუგეშონ,

როცა სიცოცხლედ გიღირს ნუგეში,

ეს იმას ნიშნავს, იყო ქალღმერთი

კაცის და მიწის მძიმე უღელში.

არა მარტოდენ მამულის, ანდა,

არა მარტოდენ წინაპრის ვალით,

ჩემს სამშობლოში ათგზის ძნელია,

იყო პოეტი და იყო ქალი.

მსგავსი თემები