ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტის საუკუნისა
ერთხელ მე და პაპაჩემი ერთს ადგილს შევიყარენით; ჯერ, როგორც მოგეხსენებათ, მრავალჯერ დავამთქნარევით. უწინდელი რამ გვაუწყეთ: რით ვიდიდეთ თავი ჩვენი, სახელი რით მოვიხვეჭეთ? მიიწურა ქართლის ბედი, როცა მოგვიკვდა ერეკლე, ის ჩვენის ქვეყნის იმედი, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - შენი მტერი!.. პირღიადა დავრჩით და ცას შევყუროდით. დაჯდა შერყეულსა ტახტზედ, შინ თვისტომნი აუჯანყდნენ, წამოასხდნენ მტრადა თავზედ, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - ჩვენც ერთმანეთს გულმოდგინედ ვწეწდით და ვიწეწებოდით. მეფეს საქმე გავუჭირეთ და ქვეყანას ერთგულობა ჩვენი ურცხვად დავუძვირეთ - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - რუსეთისკენ სახვეწნელად გავრბოდით და გამოვრბოდით. დაგვიყენა ლეკნი მცველად, - თვის ქონება სრულად დასდვა ჩვენის ქვეყნის დასახსნელად, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - მადლიერნი მუთაქაზედ ვიწექით და ვნებივრობდით. აიშალნენ მეფეთ ძენი და ერთმანეთის შურითა სულ ძირს დასცეს ქართლის ბჭენი, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - ჩვენც ლამაზად სულ ყველასა თვითო-თვითოდ ვღალატობდით. უცხო ხალხმა ხელთა გვიგდო, ქართვლის ბედი ბურთსავითა სათამაშოდ წინ გაიგდო, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - ჩვენც ყაბახზედ ვაჟკაცურად ვჯირითობდით, ვბურთაობდით! ყოფნა უცხო ხალხის ხელში, როს საშველად მოწვეულმა წაგვიჭირა თოკი ყელში, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - მაშინ მივხვდით, რომ ყველანი ერთს ტაფაში ვიწვებოდით. დღენი ჩვენი მოგვაწბილა; ტანჯვა ვეღარ ავიტანეთ, სინიდისმაც გაგვამხილა, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - შერცხვენილნი და დამწვარნი აქა-იქა ვჩურჩულობდით. შეგვიტყვეს თუ შეგვამჩნიეს, როცა ცხვრისა ფარასავით მოგვკრიბეს და შეგვამწყვდიეს, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - ფერმიხდილნი ბეზღობაში ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. ზოგმა თავი გადვირჩინეთ, ქვეყნისათვის ზრუნვა, ფიქრი ჩვენ თავიდამ ავიცდინეთ, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - მოვყევით და სიხარულით ყოველდღე ვბედოვლათობდით. საქმე ხელთ არ მოდიოდა, რაც რამ გვქონდა, სულ გავფლანგეთ, არარა შემოგვდიოდა, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - ერთმანეთს უსინიდისოდ მამულებს ვეცილებოდით. ერთმანეთი ჩვენ დავღუპეთ, ერთმანეთის მტრობით ჩვენს სახლს ცეცხლი ჩვენვე წავუკიდეთ, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - ჭკვიანურად იმ ცეცხლი წინ ვისხედით და ხელს ვითბობდით. ჩვენი სახლი აღარ ვარგდა, როცა დიდი და პატარა გაღარიბდა, გაღატაკდა, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - თვით შევსხედით მაღლა თაროს, დაბლა ყმებსა ტვინსა ვწოვდით. დროთა ბრუნვით ჩამოგვერთვნენ და ცხოვრების ჩვენის წყარო მაგ გზებითაც თითქო შესწყდნენ, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - მაგას, შვილო, ნუღარ მკითხავ... ვტიროდით, ვიხოცებოდით!.. ყმები აღარ დაგვიბრუნდა და ყმებისა მოშორების გულს ტკივილი დაგივყუჩდა, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - რაღაც ბანკი მოვიგონეთ და მასზედ ვლაზღანდარობით. ბანკს უმუხთლა თქვენში ერთმა: ჩემთვის ბანკი რა ჭკვააო, არ მომცაო შვილი ღმერთმა, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - „Наплечо“-ბა გვასწავლეო, მთავრობას ვეხვეწებოდით. აქ გამიწყრა პაპაჩვენი: - შემაწუხე ამდენ კითხვით, „პოჟოლუსტა“, დამეხსენი! რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? მას ვშვრებოდით, რომ თქვენსავით უსაქმოდ ვეხეტებოდით. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |