მეფემან ბაგრატ მპყრობელმან... ყოვლთა ქართველთა... ვესევ... და აღვაშენე... წევნითა... ღმრთისა... ტაძარი ესე... ...ითა ჩემითა აღაგო მან მაღალმან და ბრძენმან ოსტატმან ა... ე... (სახელი არ იკითხება) მრწემ ვარ...
ცოდვანი ჩემნი... ითა და... ისაითა და... ამენ. კედელზე, ვირემ წმიდანნი, თვალს ეფეთება სხვა რამ: ხელაპყრობილი ხატია ჩაბალხთ-ბატონი გვარამ.
ქართლის მეფეზე გაცაწყრა, სამგზის განაძო იმერს. ჩაფით ჩაღლევდა ლომკაცი, ჯერზე ერკემალს ნთქავდა (ეს ცნობაც შემოუნახავს საგვარეულო დავთარს).
სამთავეს ყადრი იცოდა, ცხენის, ქალის და ხმლისა... საფლავის ლოდი გადარჩა, თვითონ საფლავი არა. აქ: განისვენებს: - წერია - დიდი: მთავარი: გვარამ:
გარდა: იცვალა: მაყრიონს: გრემის: დაქცევის: წელსა: ამინ. ვახსენოთ. შევუნდოთ. წარსულია და გველმის. ისე მამაცნი ყოფილან, უზაკველნი და ქველნი,
რომ ზოგჯერ ეჭვიც გაკრთება: იყვნენ? არ იყვნენ? იყვნენ? დღეს აქ ერთია სავსებით უეჭველი და ცხადი: ფრთხილად დახაზა ეტრატზე ნათლის, სიმართლის ხატი,
და ოქრომჭედლის სიზუსტით ხედის თვალედში ჩასვა მან ბრძენმან, ვითარ უწოდებს მეფე ქართველთა, ბაგრატ, ოსტატმან, ვისი სახელიც არ იკითხება, გაქრა... |