ლურჯი მწკრივი მთებისა სუნთქავს წალკოტების ქარს, იწყებიან სიზმრები ელვათა ტოტებიდან;
მზე - სხივშეუდარები, კვლავაც ჰკრთის ისტორიის ჯერაც ღრმა იარები;
ყვავილი - უჭკნობელი ხალხი, სივრცე, მუსიკა ჰარმონიის მშობელი;
ჩანს: სიბრძნეთა კერანი, აღმართულა მახვილი შორეთს მიჰქრის მერანი;
რაც მარადი განძია: ჯვარი, გრემი, იყალთო, უფლისციხე, ვარძია;
მთით მომსკდარი ღვარები, გრძნეულება სიღრმეთა უთქმელ - მიუკარები;
სიმები მშობლიური, აღმაფრენა უსაზღვრო, შთაგონება ციური;
სახელნი უტკბესები, ყალყზე შემდგარ ფლოქვთა ხმა ირგვლივ ცეცხლ-დამკვესები;
ჯადო სულსშეზრდილისა, ძველი მცხეთის სიზმრების და თბილისის დილისა;
დაცემულის დანდობა, აზრის ღმერთთან კამათი გრძნობის დარდიმანდობა;
რუსთაველის პწკარისგან, სიბრძნე პეტრე იბერის ფუნჯი ოპიზარისა;
ვარსკვლავთ თეთრი ზოლივით, სამშობლოა, ძახილად დროში გადმოსროლილი! |