თხემის შეუპოვარის პონტოის ზვირთთ მიმყრდობი და ტერფითა სალითა კასპიისა განმპობი, კავკასი გოლიათი წევს შორის ორთა ზღვათა, შემოკრებით შემცველი დიდ საკვირველებათა. მას შინა ჰსჩანს ბუნება საშინელად და მშვენად: გვერდნი მისნი ძლიერნი, ოფლვილნი შეუსვენად, ქუხვით გარდმომაქანნი მრისხანეთ მდინარეთა, ჰრწყვენ და განაპოხებენ შორიელთა ველებთა.
ათას წლოვანთ თოვლთაგან ზვავად შენაკრებისა, ოდესმე რომელსამე მათ სპეტაკ ტვირთაგანსა, გარდმოაგდებს ზვავებად, სცემენ ყურსა და თვალსა; სრიალნი განმაშტერნი, სახენი განმაკრთობნი, ყინულ-ლოდთა ბორცვები ერთმანერთის მასწრობნი, თოვლის მტვრისა ზრქელისა აღმყვანელი ცათამდე, ჰგორვენ ხლტომით და რახით, ღრმათ ღელეთ უფსკრულადმდე;
დღისა მცვალები ღამედ, მომცველ ნისლით შავებით, დედა-მიწასა პირი წარღვნას ახალს განმცდელობს, აქ იგლიჯება გორა, მუნ ველი აღარ ველობს; ტყენი ძველთა ნაძვთანი გარდაქმნილან რიყებად, წყალნი - ადგილად მშრალად, გზა-ვაკენი - კლდეებად, და კავკას, მათ მთათ შორის მხოლო უცვალებელი, ზოგთა ჰმუსრავს, ზოგთ ჰბადებს ვით ღმერთი მბრძანებელი.
დაახედს თოვლთა ზედა მზე შარავანდ წყნარითა, ყინულნი ათას თრაშნი, წყალნი ფანტულ წინწკლებად, სხვა და სხვად ფერად ბრწყინვენ ოქროდ-ბრილიანტებად. ყველა კაშკაშ ნათლოის! ამ დიდ შვენიერებას იოტნიცა ბზინვითა უმატვენ მკობილებას. ყვავილნი, საძოვარნი მომფენნი გვერდობ გრილთა, სუნით, გემოთ იშვითნი მიიზიდვენ ნადირთა;
განიშვებს უშიშარად მომკვლელთ ხელთ შეხვედრისა; შტოვანთ რქათა დამდრეკი, მყუდროდ დამზერს ღრუბელთა, თვისთ ფერხთა ქვე მქუხარედ და მეხისა მშობელთა; ირმისგან უმკვირცხლესი ჯიხვი უმაღლესს კლდესა, რომლის რქანიც მწეობენ ჩლიქისა სიმტკიცესა, თავ-ახმული შესცქერის მყინვარეს აუვალსა და ვერ შემძლე მიწთომად, ღმუილით ემდურს ძალსა.
ღმერთთა მიერ შერისხვით ყორანი ჰხოკდა გულსა, - მთა რეცა განგებ ზღუდეთ აღშენებული სალად, დასაბამით სოფლისა ცნობილი შეუვალად; გარნა რომელს ბოლოსღა, როსსთ მხედარად აღზრდილი, მიებრჯნა რა უდრეკლად მამაცი ციციშვილი, შეიწრებულმან თერგმან კრძალვით იცნო საზღვარი და ტინმან შარა გზათა ფართოთ განუღო კარი;
არ ჰრიდეს ღელეთ სიღრმეს, არც სიმაღლეს მთათასა; ფოლადნი, ქვათ მკვეთელნი ათასთა შინა ხელთა, ხელოვნებითნი მეხნი, მედგრად მჩენელნი ცეცხლთა ჰსცემდენ, ჰგლეჯდენ, ქუხოდენ, - და კავკასი მკვნესარედ ეხოთა მიერ წყლულთა თვისთა ცხად ჰყოფდა მწარედ! განიხსნა გზა და ეშვათ ივერელთ სასოება, რომე მუნით შევიდეს მათ შორის განათლება. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |