ფრთებზე გეამბორები, ფრთები ეხლა თითქოს შენი აფრებია, - შენს სულს ეს მთაგორები კოტოშებად აფენია.
დრომ ვით გამოგინელოს, საქართველოვ, ფასკუნჯივით ლაჟვარდებში ატყორცნილო ფრინველო!
მადლი ჰქმენ და მიმსახურე ამ ორ დღეს, - სისხლნაკლული ჩემი ლექსი ნეტამც ხვალ-ზეგ შენს საწვავად გამოდგეს!
იქნებ ჯაყვით გამოვიჭრა ყანყრატო, იქნებ ხორცი დავიგლიჯო და გზადაგზა ლუკმა-ლუკმად გაყლაპო.
რა გრიგალი, რა სიო, - სული უნდა მოვიპეშვო და წყალივით მხოლოდ შენ ერთს გასმიო!
სიმი ვარ თუ ხმაჩამწყდარი ვოკალი, - ერთ აფრენად არა ვღირვარ, გევედრები, შენს მიწაზე მომკალი!
დრომ ვით გამოგინელოს, საქართველოვ, უკვდავებად ლაჟვარდებში ატყორცნილო ფრინველო! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |