"ნუ გათათრდები“ - გერქვა სახელად შენ, უცნაურო, მომცრო ფრინველო, მიტაცებულთა, გარდახვეწილთა, მკლავგაბაწრულთა მოძმევ პირველო!
ხალხის ტკივილო, ცად ატყორცნილო, თვით ხალხის ნებით მტრედად ქცეულო, ნეტავ ეგ ყელი დამაკოცნინო!
გიმხნევებია შენი ქართულით, აზიის გზებზე, უდაბნოებში, ვინც კი ყოფილა გადაკარგული!
ძუძუს მოსხლეტილ გარექართველებს, იქ თურქის ბრჭყალში, თათრის ბორკილში, სადაც მრავალი ცრემლით ათენებს.
არ მოგვირჩება ჩვენ ის ტკივილი, ვიდრე ლაზისტანს და ფერეიდანს ისევ მოესმით შენი ყივილი!
დაძებნე ჩვენი ძმები და დები, შენი მკაცრი ხმით ისევ დასძახე: - ძმანო ქართველნო, ნუ გათათრდებით!
მონობისათვის ვერ გაგიმეტებთ, გამაგრდით, ვიდრე მზე მოვა თქვენზე და გავინაღდებთ ნანგრევთ იმედებს!
მიტაცებულ ძმებს ასე უთხარი, იქაც სცემს გული საქართველოსი, შავი ზღვასავით გადამდუღარი!
მწარი მონობის დამამხობელი, ძმათა გამოხსნის, შინდაბრუნების, შენვე იყავი მახარობელიც! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი ლეონიძის პოეზია |