ჩემი ოცნების კრიალა ცაზე მუდამ შენი მზის არის დიდება. მისი სხივები და სილამაზე არ ინისლება, არ იბინდება. ცასა და მიწას არ მოსწყინდება, ქვეყნად დაადნობს ყველა მყინვარებს, - მსოფლიო ცაზე ამობრწყინდება! აგყვავებია ტყე და ხნულები, სახე ღიმილით გაგნათებია, ვარდი გფენია მკერდზე ულევი. ბაღად ქცეულან უდაბურები, ყველგან გმირობის ისმის დიდება, ქვებიც მღერიან გულჩადგმულები... შენი მტკვარი და შენი ენგური, ეს სიხარული, ეს სიმღერები ჩვენს გულებშია ჩამონერგული. დაუღრუბლავი ვარსკვლავთ კრებული, მტრის ამკაფავი შენი ვაჟები ცა და ხმელეთზე გამაგრებული. ვინ შთააგონა გმირი ამდენი, შენს დიდ საზღვრებზე შემორკინული, სასწაულების შენთვის ჩამდენი? ქვეყნად ხალხისთვის გადმონადენი, მოხუცი, წყლებთან შეჭიდებული, მღერის: "მეორედ დავიბადენით...” ცისქვეშ ნახულა მხარე რომელი? შვილებს არგუნე, დედავ ნეტარო, ზღვა სიხარული დაუშრობელი. გამრისხებია მიწა მშობელი, შენი მზე არის უდასავლეთო და გაზაფხული დაუჭკნობელი!.. |