საქართველოვ, უღრან ტყეში დაკარგულო თიკანო, ვინ არ გდია კბილთა ღრჭენით, ბნელში თვალთა ბრიალით, ყველა ისრის, ყველა ტყვიის სამიზნევ და ნიშანო! გულს ნუ მიკლავ მაგ პაწია ზანზალაკის წკრიალით! და ციმციმი გზას გინათებს მანათობელ ჯვარისა. მაგრამ მაგ შუქს ხედავს მტერიც, ავად წამომართული. გაგცემს ჯვარი მოციმციმე და წკრიალი ზარისა. შენ კი ერთი უთვისტომო, ეული და მზებნელი... მოდის ეშვი, კლანჭი, ბრჭყალი, ცეცხლი, ხმალი, ისარი, ბნელს აწყდები უსასოო, ანთუ მხსნელთა მძებნელი. ხან ბედს ნისლში ემალები და ხანაც წინ მიუხტი, მერე წამით მზე დაჩნდება - ზეცის თვალი კეთილი და შენ ისევ მიბაკუნობ, საბრალო და ჯიუტი. და არა და არ თავდება ბედის შავი ტრიალი ან ეგ ჯვარი გშველის იქნებ შუბლზე გამოხატული ან ღმერთს მოსწონს მაგ პაწია ზანზალაკის წკრიალი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |