ვზივარ გორაკზე და დავცქერი ჩემ წინ ბახტრიონს, მიმოყრილ ლოდებს, ვით მთვრალსა და მძინარ მაყრიონს, თითქოს გასცქერის სევდით მოცულ ძველ კავკასიონს, და კვლავ მოელის დროთა ახალ, ახალ დაფიონს... მოსვენებისთვის ბრძოლით ნათენთს, ბევრჯერ გიცდია, ბრძოლის მორევში და ქარ-ცეცხლში თავი გიცდია, და საუკუნეთ ღვაწლიც ძველ გმირს დია გიცდია. უფრო მეტი კი - ბრძოლის ზათქი, აურზაური, როცა მოადგა შენს გალავანს გაფრინდაული, ცხენთა უკუღმა დაჭედილი, ტორთა ხმაურით. მტრის ასაღებად შეუვალი, ჯიუტი, ურჩი, როცა იმედით შემოგმზერდა მამაცი გურჯი, მაგრამ ცხოვრების ქარტეხილს ვერც შენ გადურჩი. საუკუნეთა მწველი სუნთქვით ყველა გადახმა, რა სთქვან ამ შენმა ნანგრევებმა ცეცხლით ნადაღმა, ვუმზერ ალაზანს... სიოს მოაქვს ნელი, სადა ხმა. მაგრამ სიძველეს და სიკვდილს აქვს შენზე ცილობა, შვენიხარ გორაკს, ვით ვეტერანს ტლანქი ჭრილობა, და თავს დაგბუის მოგონების, ფიქრთა ყრილობა. ან შემოდგომით კვნესით ვაებს ქარი, ვალალებს, ჭმუნვით იგონებ წარსულ დროთა ზურმუხტს დ ა ლალებს, გასრესილთ კვნესას, გამარჯვებულთ არიარალებს! |