თაგვმა თქვა თაგვიანიძემ გამწარებულმა წყრომითა: სორო ავავსე თხილითა დიდის ტანჯვით და ომითა. საზამთრო საზრდო მოვზიდე, რომ არ მოვეკალ სიმშილსა; გაჰკვირდა მთელი დუნია ჩემს აქეთ-იქით სირბილსა! რამდენჯერ ჩხიკვმა მიტია, რამდენჯერ უშნო ძერამა, არ შევდრკი, მაინც ვიმხნევე, ვერ დამაშინა ვერამა. მაგრამ ბოლო დროს, უყურეთ, მიმტყუვნა ბედის წერამა: შემომეჩვია თრითინა, ამიკლო, გამაჩანაგა, რაც რამ სოროში მებადა, თავის გუდაში ალაგა; მე გამამაგდო კარშია, გამაწირვინა სახლ-კარი, სულ თითონ დაისაკუთრა, ჩემი ამაგი რაც არი. დავდივარ უგზო-უკლოდა - ჩემი მეშველი სად არი? ულუკმაპუროდ დარჩენილს განზე გამიდგა ამქარი. ვიჩივლო? აბა ვისთანა, როს ცხოველების წესია: არავინ არ შეგიბრალებს, რაც უნდა დაიკვნესია. და სუსტი ტყუის ძლიერთან, მთა-ბარად ყველგან ესია; მართალი მუდამ ის არი, ვისც ხმალი გაულესია. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |