კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ხმალს ჰლესავს ბერიკაული,

დაფიქრებული ძალზედა,

ჰლესავს დიდრონი სალესით,

თან ცერს გადუსომს ფხაზედა.

დიდხანს ეკიდა კაჩხაზე,

არ გატანილა კარზედა.

შემჭვარტლული აქვს ქარქაში,

მტვერი სდებია ტარზედა,

ხმალი ჟანგს შეუჭამია,

ვახ დედას მტრისას, რაზედა?

მოსულან ახალ-უხლები,

წამოსდგომიან თავზედა:

„ხმალს ვისზე ჰლესავ, ბიძია,

მაგრე გულმოდგინებითა?

შენ უნდა ცელსა ჰლესავდე,

ან ცულსა!“ - ჰკითხეს წყებითა.

- თქვენ ბალღები ხართ, რა იცით,

დღეში ათასჯერ სცდებითა.

კარგახან ვლესე ისინი,

ვიქნიე ცული, ცელია.

დავღვარე ოფლი მრავალი,

მით მოვრწყე ტყე და ველია;

მათ სამსახურში დავლიე

წუთისოფელი მთელია.

მაინც ვერ ამოვიყვანე

უბეს ნაჯდომი გველია.

ქერის პურს დანატრებულსა

ვინ მომცა ლუკმა სველია?

საკმაო ხანი ვითმინე,

მოთმენა გამომელია.

ახლა ხმალს ვლესავ გორდასა,

გალესვა იმის ჯერია;

იქნება იმან მიშველოს

და მომაშოროს მტერია.

აჭიმა ბერიკაულმა

მაღლა წარბები სქელია

და გადმოყარა თვალთაგან

ნაპერწკლის ჯგუფი ცხელია.

„მტერზე ჩვენ მივალთ, ახლები,

შენ დაწევ, დაისვენია!“

- ჰმ! თუ წინ ბერი არ მოკვდა,

ახლის სიკვდილი ძნელია! -

კვალად სთქვა ბერიკაულმა,

ოხვრა ამოჰხდა გრძელია.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვაჟა- ფაველა  • • •   ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა

მსგავსი თემები