მინიატურები ერთი ხელის მოსმით ერთ საღამოს
სათაური: "შეგიჭამე ცოცხი"
დღიურიდან:
ვწერ: მიდგას შავი ღვინო: ვამატებ სიმთვრალეს: გაზაფხულის თბილი თუ გრილი საღამო მიდის: უკრავს კუბის ჯაზი: შავკანიანი თუ ყვითელკანიანი ნოდარ ზედელაშვილი ცეკვავს ბუგი-ვუგის. იწერება მინიატურები. უფრო ვთვრები. ნოდარი ხურდება: ცეკვავს მარტო.
გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას თავს იწონებს ნაზი ია. მოგილოცავთ პირველ მაისს თქვენი ძია გოზალოვი.
შავი ისარივით. ამბობენ: იწყება გაზაფხული.
ჰამლეტი? - არა! მეფისტოფელი? - არა! კაფეში ცეკვავს შიშველა ზანგი.
ყოველდღე ვკოცნიდი, მერე? მერე მომწყინდა.
სლავის ქალს ეჭირა ძუძუ, წყდებოდა ვარსკლავი.
მტვერი ავარდა სადღაც. ცრემლი შეიმშრალა ქალმა.
ძაღლი მყეფარე! თოფი შემართული!
მარტო ვიჯექი მატარებელში, მტვრიან გზაზე ფაფარგაცვენილი ცხენი მირბოდა.
ღმუოდა ქარი. "უფლისციხე - ქალაქი ძველი:" ღმუოდა ქარი.
ჭყეტია ფერები: იდგა დოყლაპია გამოფენაზე.
ამერიკელ ბოქსიორთა კერპს ჯო ლუისს. ზანგი აწყდებოდა ბაგირს, ღმუოდა ხალხი. ცხვირჩამოფხრეწილი იდგა ჩემპიონი თეთრკანიანი: როკი მარჩიანო!
კაფე-შანტანი, თვალმოჭუტული ზის სადღაც სპარსი.
ახალი სტილი. მოხუცი ზღვაში. თევზი დაგლეჯილი ზვიგენის პირით.
არღუნის პირას, შატილთან ახლოს, იდგა დაღლილი, შორიდან მოსული ალუდა ქეთელაური!
კბილებდაკრეჭილი, თვალებდაჭყეტილი შავკანიანი ძუძუს სწოვს ლედის.
ცხვირი ჩაჭყლეტილი შუაში, ნეკზე ფრჩხილი, მოდის მიკიტანი. ბიჭები შაყირობენ: აბა, განი!
თვალები ელავენ, ტუჩები მოძრაობენ: სულ ნელა. თქვენი ჭირიმეთ! - გაზაფხულდა!
შოფერი: ტყავის ტყაპუჭით, მგზავრი: ფეტრის შლიაპით.
დილით მოკვდა. ჭლექი. მეზობელს გაგუდული ბავშვი ეყოლა წინა ღამეს.
თამაშობდა ზანგი: პოლი რობსონ! მეოთხე აქტი: მავრმა დაახრჩო თეთრკანიანი - თავისი ცოლი, პრინცი-ქალი - დეზდემონა!
ამომშრალი თვალები იყურებიან: დედას მოკვდომია შვილი.
ამბობდა ბრუნო. მერე დაწვეს, მერე იწამეს.
მარცვალი ჩაბნეული, გასუქდა მწყერი!
გალიფე, ჩექმა და მითქმა-მოთქმა. ქორწილი ტრამალში.
იგივე ფირფიტა. უნიჭო რითმა: "გონება გამოიფიტა." წ. 1957. მარტის 10.
Ловит, ловит стрекоза Собственную тень Тие-ни
На облачке отдыхая Жаворонки поют აყვავდა კვირტი სადღაც. მარტია ხვალზევით. ამბობენ: ზამთარი იცისო მარტში.
ვუკრავდი პატეფონს. მერე მომწყინდა: ვიჯექი დაღლილი.
მერე გაჩერდნენ. ისევ ფართხალებდა გული.
ხელზე ბეჭდები. ვიდექი მე, ხალხი იცინოდა, ვიდექი მე.
აქა-იქ მოჩანს წარწერა მურით. სად? ყველგან, სადაც ბომბა დავარდა.
რა არისო სიყვარული?: შავი თვალები, მაღალი წელი და სქელი ტუჩები.
ისევ დავუჭირე თავი. ცხენი შფოთავდა: მე გული დამწყდა.
ტაბლასთან მივიდა პირველი. მინდიასთანა მხედარი არ ჰყოლიაო ჯერ ფშავს: ამბობდა მოხუცი ლიქოკელი.
არაგვი მოუკლებს სირბილს, ორწყალში სახლი დგას დაცლილი.
შავკანიანი თეთრი კბილებით. ამოგდებული, გაშიშვლებული.
თეთრი ძიები.
საბოლოოდ დავქლიავდი.
ხურდა ფული, ჩაცვენილი ქუდში. ხანდახან მანეთი. გზაჯვარედინზე ზის მათხოვარა.
დალეულა ხევი. ღრიალებს ქარი: ბუღი დგას სტეპში.
მელოტი თავი; გრძელი ულვაში ყურებამდე: ახველებს პაპას.
ყმუიან მგლები. იმატებს თოვლი: ცვივა ფიფქები.
მთელი დღე ბჭობდნენ სახლში, საღამოს წავიდა მამასთან ერთად ნოდარი კინოში.
ეზოში ბოლავდა ცეცხლი, ქორწილობდა იეზიდი.
სირენა წიოდა. ენთო რეკლამა. ეგდო კურტანი. იეზიდს ეძინა სადღაც.
ხურდა ფულს ითვლიდა მათხოვარი. დაკითხვაზე ბოთლზე დასმული ქურდი ყვიროდა. ლექციას კითხულობდა ლექტორი თემაზე: ალკოჰოლი და ბრძოლა მასთან.
ჩემს წინ დგას გემი, სავსე შუქით და ჯაზის ხმებით. ის ჩქარა გავა, ოცდახუთწუთში!
ჩაფხრეწილი ხმით მღერის. ნახევარბოთლიანს უყურებს ლოთი.
დრო გადის ფიქრებში, დრო გადის, ვბერდები.
წამყვანს ეჭირა საჭე, პატარა თვლემდა გზაზე.
წამყვანს გაეშვა საჭე, ბავშვი აღარა თვლემდა გზაზე.
არ მიყვარს ახლა. მის მერე სამი წელი გავიდა.
ჩიბუხი ეგდო იქვე, იჯდა ხის სკამზე - ბაბუა ვანიჩკა.
ხალხი აეყუდა კედელს, მოტორი უშვებდა სქელ ბოლს.
ბუღში გახვეული საოცარ სიცხეებს ეჭირათ ქუჩები, მე დავდიოდი რუსთავლის გამზირზე და სიცხეს სიცხით ვიგერიებდი.
გახურდა ღრუბელი. მეთევზემ გაშალა ბადე.
გაწითლდა ღრუბელი. შეცურდა ნავი წყალში.
დედიშობილა რუსი იწვა: ეტკლიცებოდა კანი.
გრძელი ტრუსები. დაგრეხილი ფეხები. სიშავე: – ჭუჭყიანი. არაყი, ღვინო. გახურებული ქვიშა. სომხები ისვენებდნენ ზღვაზე.
თავზე ქუდი, ტანი თეთრი და ჭორფლიანი. რუსი ებრაელი შეცურდა მლაშე წყალში.
ველი რუხი, მეველე ველში, თოფი ორლულა.
ისე ჩავარდა ჩვენს შუა, ხაიამ, ათი საუკუნე.
გამოსასვლელად თაგვმა არაყი მიართვა, ლომმა დალოცა. თაგვმაც დალოცა...
- მიწა შემჭამს? - დაითვრება. - არ მოვკვდები? - სპირტში შემინახავენ. - აღარ დავლევ სამარეში? - ვახ, ხო მატლები შემჭამენ. - კოტე, დაასხი თითო არაყიც.
იმ წლებს, რაც არ მქონია, ახალგაზრდა არ ვყოფილვარ არა ვდარდობ, ღმერთმა იცის, ეს ამბავი ჩემთვის არცთუ ისე ძნელია. დავიბადე არყის ბოთლით და ვიცხოვრე მასთან ერთად. კოტე, დაასხი, შესვი? ახლა მე გისხამ, შესვი, გაამოს.
უბრალოდ, იყო და აღარ არი, გურამს დარდი არა ჰქონია. ერთხელ კაცი იყო, კარგად ახსოვს, და ახლა აღარ არი. კოტე! დაასხი ისევ ის არაყი, ყველას გაუმარჯოს - ესეც უბრალო სიტყვები არი.
ჩემი ლექსები, მე შენ მომწონხარ, ნუ გეწყინება, აუ, დავლიოთ ისევ არაყი, ეს არც გვაწყენს და არც გვეწყინება.
საწყალი, ვინც ჩემთან ერთხელ მაინც არ ყოფილა, როგორ მეცოდება ის პოლბუტილკა, რომლისგან ას გრამსაც ჩემთვის არ ასხამენ, როგორ მეცოდება, თქვენა ხართ მოწმე, ჩემო ცრემლებო, კაცი ლოთი და დედ-მამიანი. პატრონიანი. ნიაზ! ვიტიროთ ისევ იმ ცრემლებით ჩვენი პატრონი და იმათი უპატრონობა.
რას მომჩერებიხართ, ჩემგან სიბრძნეს ელით? მოდით, მოიწით, მე არავის მოვკლავ. აჰათ, იყნოსეთ ისევ არყის სუნი.
ეგეც ლოთია, ეგეც ჩვენებური, ეგეც ბებერია სხეულით და სულით, ეგეც მოკვდავია, ეგეც ახალგაზრდა, ეგეც უბედური, თემურ, გაგიჟდი? რას ურტყამ მაგას...
თმებით, ისევ მომიკალი არყისფერი გული, ღმერთო, მითხარი! ლეილა! რომელი ჯობია - შენი სიფხიზლე თუ ჩემი მთვრალი სული.
თუ არყის სიზმარს ხედავ. - სად გარბიხარ? არაყს ეძებ? გინდა, რომ ცხადს ისევ არყით დაუბრუნდე. - ირაკლი, დაუსხი, გურამი იხდის.
მოქნეული და არც ერთი გული არ დაუჭრია. ირაკლი! კაცო! ვაჭარო! ძუნწო, დაასხი შენით ამ სისხამ დილაზე, არაყი ღვთისაა, გამარჯობასავით.
შენს თვალებში ჭაჭის გრძნობა დგას, დაბერილ ძარღვებში უფერო სითხე, გულშიაც ხანჯალი რომ დაგკრან, მაინც ვერც ცისფერს, ვერც წითელს ვერ გამოგადენენ. ნიაზ! მოიტა ერთი პოლბულტილკა, ერთიც მოვწიოთ და არყის ცრემლებით ვიტიროთ ერთად.
მე შენი თორმეტად ჩაწნული ნაწნავი ხელში მიჭირავს, და გულზე ვიკრავ, შენ კი... ვახ, რად დადიხარ თმებგაჩეჩილი, დამისხი, კოტე, გესმის არაყი.
რაც მოგინდეთ ისა, გესმით, დაუკარით!? გურამს დარდი არ ჰქონია, რას უქარვებთ...
რათა ვარ, როცა მეგობრად ხაიამი გამხდომია. ხაიამ, ნუ დამახარბებ შენ მწარე ღვინით, მაგაზე უფრო მწარე არაყსა სვამს გურამი ყოველ უზმოზე და ყოველ დილას.
სად გაქრა სევდა შენი თვალებიდან, სპარსული უძირო ღამე და ბაიათი. ლეილა! არყის ფერივით რატომ გაიცრიცა შენი წამწამები, სახე მთვარე და ტუჩები ბროწეულის. განა იმიტომ მარტო, ო, ლეილა! რომ ჭაჭის ნექტრით გურამის გული ჩაწვას.
უკუნეთ დროში ისე უკვალოდ ჩავარდა ჩვენს შუა ო, ხაიამ, ცამეტი საუკუნე. და ერთი, რაც მოხდა, შენ ღვინოს სვამდი, მე კი არაყს ვსვამ.
გურამს იმდენი აღარა სცალია, რომ დოქით ღვინო და ფიალით შარბათი შესვას. ხაიამ! გურამი არაყს სვამს ერთ ჯერზე ნახევარბოთლებით და სადღაც გარბის. |