დამავიწყდა იმ ლამაზ უცხო ყვავილს რა ჰქვია, სული რომ ეხუთება ჩამქრალ ნეშომპალათი... ცხოვრებაში ყველაზე დიდი სივერაგეა საკუთარი რწმენის და სალოცავის ღალატი. საოცნებო ქედები... უკან ნუ იხედები, უკან ნუ იხედები!
ჩაჩეხილი ლელია, შესევია ჭილყვავი დახავსებულ ნახიდარს... ცხოვრებაში ყველაზე დიდი განსაცდელია საკუთარი თავის და ნაფიქრალის გაყიდვა. ნეტავ ხომ არ ვბერდები... უკან ნუ იხედები, უკან ნუ იხედები!
შენი წილი საკაფი, ცრემლი ცვივა შენს ტოტებს, ჩახერგილს და ჩაკეპილს... ხელისგულზე რომ გესვა, გაფრენილა კაკაბი - ვაი ალბათ მოსწყინდა ოქროს ქვიშის საკენკი. როგორც ძუძუს კერტები... უკან ნუ იხედები, უკან ნუ იხედები!
მოცახცახე ხელებით, როგორც გინდა დავარცხნო აწეწილი ფიქრები; ისმის კვნესა გაქარულ გამხმარ ჩალის ღერების და ფეხებში უტიფრად გედებიან ჭინკები. უნაზესი ხედები... უკან ნუ იხედები, უკან ნუ იხედები!
ვაი, რარიგ ძნელია, როცა ლურჯ სიზმარივით, დღისით, მზისით ცა ქრება... და ამქვეყნად ყველაზე ძნელი მოსათმენია ოცნებათა ძაღლის ძვლის კამათელში წაგება. სხვას რას ერჩი ყვედრებით... უკან ნუ იხედები, უკან ნუ იხედები! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |