მზეო, ჩემო წინაპარო, იბერიის ტომისა ხარ ბნელში უნდა ილამპარო, ფაფრიანი ლომისა ხარ. დილით გამომცხვარო პურო, დედაჩემის თონისა ხარ; საქართველოს ნათლის ფარო, მამაჩემის თორისა ხარ, ხან რო ღრუბლებს მოიფარებ, გლოვისა და წყრომისა ხარ; ჩემი დილამშვიდობის და ჩემი მწუხრის ომისა ხარ. ფერდობზე რომ გამოჩნდები, მოგოგმანე გნოლისა ხარ, არაგვზე რომ დაბრძანდები, დამსხვრეული ბროლისა ხარ. იონჯაში გაერევი, გვირილების მოლისა ხარ; გვერდულად რომ ჩაიცინებ, უცისფრესი თოვლისა ხარ. მზეო, ჩემო წინაპარო, იბერიის ტომისა ხარ ბნელში უნდა ილამპარო, ფაფრიანი ლომისა ხარ. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |