კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

იავნანას როცა ვისმენ,

მეფინება გულზე ია,

თითქოს მშობლიური მთებით

მონაბერი ნიავია.

იგი მზრდიდა ბავშვობიდან,

დედის უტკბეს რძესთან ერთად;

თითქოს ვდგევარ ხელანკესით

ჩემი სოფლის მდინარესთან.

თითქოს მესმის აკვნის რწევა,

ღინჭილების ხაჭა-ხუჭი,

შიგ ბურცხალა ბიჭი გორავს,

თვალბრიალა, თმახუჭუჭი.

მინდვრად დასდევს ფრთაჭრელ პეპლებს,

კაკლით ივსებს ჩანთა-უბეს;

კენწეროებს დაღმა არხევს,

არ აყენებს ჩიტის ბუდეს.

გადაპენტილ ზამთრის დილით

მუხლზე თოვლში კოტრიალი,

ყინულების ჩურჩხელები

მარტის მზეში მომტირალი.

ყვავილების ველზე ცვენა

დილის ცვარით დანამული,

ხევში ვერცხლის წყარო, როგორც

ხმაწკრიალა სალამური.

დედის კაბის შარიშური,

თავმანდილის ქარზე ფრენა;

მხოლოდ მათ შუქს შეუძლია

ჩემი ლექსის გადარჩენა.

იადონის ხმით მოსილი

ჩემი ტკბილი დედა ენა

რა ვისმინე, წამს გულიდან

სევდის ჩრდილი განიდევნა.

როცა მესმის იავნანა,

გულზე ია მეფინება,

ტკბილი ყრმობა მაგონდება

და საამოდ მეძინება!..

მსგავსი თემები