დროს გამოვტაცო უნდა და ამქვეყნიურ წყვდიადს, ფერიცვალებას რაიც დავიწყებაში მიაქვს: სასურველი და სათნო, აჩრდილივით რომ თან მდევს და სურნელებით მათრობს; დავხატო უნდა სახე - მისი ფარული გზნება, ტრფობის ალში რო მახვევს, ბადაგიანი ბაგე - ზედ ღიმილი რომ ანცობს და ციხე-კოშკებს აგებს... ამ ციხე-გოდოლს ირგვლივ, იგია ჩემი ფიქრის ამოსაკითხი წიგნი. და მისი მშვიდი სუნთქვა - რა მემართება ამ დროს, ენას ვერ გამოუთქვამს, ჩემი სიცოცხლის წამი.. იმ ბედნიერ დღეს ვწყევლი, როდესაც გაგიცანი. გზები რომ გამიმრუდა.. შენი თვალების ჭრილი დროს გამოვტაცო უნდა; ანდამატური რხევა.. თანდათან შიგ რო მითრევს, დავდივარ ხელი ხელად. ნაღველი, ცრემლი წმინდა და იმედი ხარ თანაც მოვლინებული ციდან. ვით შემოქმედი ქმნიდა სამყაროს თიხით, ანდა მიქელანჯელო - ქვიდან. ო, ღვთაებრივი ლოცვა თუ სინანულით წაგცდა - უკან წავიღებ კოცნას. ცოდვილთა სალოცავად - თორემ ისედაც ვიცი, ზეცაში ერთად წავალთ. როგორ ვეწამეთ, ვიდრე სამარადჟამოდ ცაში საუფლო დავიმკვიდრეთ. შენი პორტრეტი სრული, თუ არ დავხატე ერთად შენი და ჩემი სული. |