აქ ისეთი სიჩუმეა, სიმყუდროვე ისეთი არა მიწიური, რაღაც შორეული... საკუთარი სუნთქვა შეზღუდული სივრცეთი შიგ კიდევ ვიღაცის სუნთქვა შერეული. ქვაზე აღბეჭდილი ვაზის მტევნებივით, საკუთარ დუმილს უნდა ადროვო - არაფერი გქონდეს მიუტევებელი. ასე გეგონება თიხაა შეგონება. თითქოს სამკაულები უცხო გოგონებმა მოიხსნა ყელიდან და დარჩა მოგონებად. ჩემი თვალებია სულს რომ გამოფიტავს! საფლავის ქვებში არქეოლოგია მორიდებულად გვამცნობს სერაფიტას. ყოველ ქვას და თიხას ბაგეებით ვეხები. თუ აიტანენ ასეთ სიჩუმეს ისევ გამომწვარი თიხები. აქვეა ნანადირევი ირმის ბეჭები, პატრონის დაბრუნებას ელიან მოთმინებით კერასთან ტერფების ანაბეჭდები. ჩუმი თვალებია სულს რომ გამოფიტავს, ამ თიხას ადროვეთ, ამ მტვერს ადროვეთ, ყველაფერ ამაშია ახლა სერფიტა. |