დამისხი, დამალევინე ვაჟას ნექტარი, გალას ნექტარი, გინა ფედია ჩუდეცკის: ერთი ოყა და ერთი ჰექტარი ღვინო ნაღდი და "ჩუდესნი" - ეგება ჭურში მეჩვენოს ჯდომა გუგულის ბუდეში. რად ვერ გაიგო სპინოზამ! იცოდა მხოლოდ ფედიამ. ვაჟას ლექსები რო არი, გალას ლექსები რო არი... ღმერთმა სიკვდილი მიჰგვარა - სიკვდილის შესანდობარი. ჩემი მაზანდაც მანდ არი - არც მიწა მაქვს და არც - ბარი, და მაინც ვბარავ და ვთესავ მესიტყვე იოანეში ლუკას, მარკოზს და მათესაც - დიონისური მანეჟით. ქრისტეს მტევნიდან ნაჟური - სიკვდილთან უნდა დავლიო ვახტანგური და ვაჟური! |