შენ ერთხელ მითხარ: „გიჟი ხარო!“ და ახ, ნეტავი ვიყო მართლაც - გიჟი, ცეტი, შმაგი და ხელი: არ ვიქნებოდი - არრის მგრძნობი, არრის მხედავი და სათუთ მგოსანს მერქმეოდა ყასბის სახელი. ტლანქ ქეშიკივით მოწყალებას ვთხოვდი ნოინებს - და შენს სახლის წინ, პირშეგინგლულ-შეუპარსავი, ღრეჭით შევქმნიდი მუშაითურ ხრიკებს, ოინებს. შევკრებდი წარაფს, შამბს, გუდურას, კაჭკაჭთა კონას, და შენს ბაღნარში - სადაც ეხლა სძინავთ ალუჩებს - წამოვანთებდი მაშხალების ჭიაკოკონას. მე ბესიკივით ავიღებდი ხელში ჭიანურს - და მძინარს ყურში ჩაგასობდი ჩემს გულის სათქმელს: შენთვის გიჟურსა, მაგრამ ჩემთვის მარად ჭკვიანურს! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |