კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მე ავადა ვარ და ვარ მარტოკა,

ამღვრეული მაქვს ფიქრით გონება,

და უსაშველოდ მწყურია ახლა

ადამიანის ხმის გაგონება.

ნეტავ შემეძლოს ზეზე ადგომა

და განქავრება წამით ამ სევდის,

რამ დაადუმა ეს ტელეფონიც,

არავის როგორ არ გავახსენდი.

დილით მეზობლის გოგონა მაინც

შემოფრთხიალდა, როგორც ოფოფი,

დარეკვა სურდა, სხვა რა გზა ჰქონდა,

შეწუხდა ჩემი ავადმყოფობით.

გადასარევი გოგოა, თუმცა,

დღეს გარეგნულად გოგოს არა ჰგავს

და თავის ტოლ ბიჭს ერთი საათი,

გამბურძგლა, ისე ელაპარაკა.

გარეთ კი ცივა და რა ხანია,

ქარებმა მიწა თოვლით შესუდრეს,

გადავირევი, რა მემართება,

ამ ღლაპის როგორ უნდა შემშურდეს.

ხვალ, როცა უკვე კარგად ვიქნები,

(უნდა მიშველოს ძველმა რეცეპტმა)

მთელი ქვეყანა ერთად დარეკავს

ხვალ, როცა წუთით აღარ მეცლება.

ახლა კი მარტო, ნერვებ აშლილი,

ლოგინში ვწევარ როგორც ნაცემი

და არავინ ჩანს მთელ დუნიაზე

ჩემი გამგები და ხმის გამცემი.

მოდის საღამო, ჩუმი და ცივი

და კვლავ ამღვრეულ ფიქრში ვეფლობი,

დასწყევლოს ღმერთმა, რა დაემართა,

რამ დაამუნჯა ეს ტელეფონი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

მსგავსი თემები