მესტვირული
I
შაირ-სიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა: ღმერთმა მოგცეს გამარჯვება, ოძელაშვილო არსენა. შვიდ წელიწადს ტყვეთ იარა, მთა და ბარი შეაჯერა. შეჯდა თავის ლურჯა ცხენზე, გააჭენ-გამოაჭენა. ბატონს რომ ერთი გოგო ჰყავს, არსენას მოეწონება. რა რომ შინიდან გავიდა, ბარათაშვილს გადემტერა. ბიჭო არსენავ, რა მიყავ, ყმა იყავ მაგისთანაო! ეს რომ ზაალმა გაიგო, წარბი არ შეიხარაო: - აბა თუ თორმეტი გყავსა, ადექ და მამყევ თანაო! კარიდან ვეღარ გაასწრო, ფანჯრიდან გადიპარაო. ჩითის კაბები გახადა, სხვა ფარჩები შაუკერა, მობრუნდა ჩვენი არსენა, ცოლ-შვილით გააცამტვერა. ქალაქში გამოაცხადა, ღუბერნატორს მოახსენა: ერთი კარგი გოგო მყავდა, წამართვა და გადმიყენა, თუ თქვენ იმას ვერ დაიჭერთ, ძნელია ჩემი დარჩენა! კოდაზე რომ შემოვიდნენ, წინ იქ დაუხვდათ არსენა: ჩვენ შენი ჯავრი არა გვაქვს, მივდივართ მარაბდისკენა. თუ ვისმე კი გაგეგონოთ, - გვინდა იმისი დაჭერა. ნაბადი გვერდზე იქცია, თოფი ფეხზე შეაყენა; ათი-თორმეტი ყაზახი სულ ცხვარივით გადმოდენა, იმ საწყალსა ყაზახებსა ზურგზე ბოლი ააყენა. სულ უკან იხედებოდნენ, „აღარ მოგვდევდეს არსენა“. - უზარბაზნოდ არ იქნება თქვენი არსენას დაჭერა, თუ ჩვენგან არ დაიჯერებ, ნეტავი მარტო გაჩვენა! ექვსაა თოფები წაგვართო და სულ მიწით დაგვიტენა. - ნეტავი კაცი მაჩვენა ამ არსენას დამჭერელა, ალმასის წყალზე ურიებს აწყევლინა ბედისწერა, - თუ კარგს ადათს არ დაიჭერთ, გაგწყრომიათ ხვნა და თესვა. თუ იმას არ დამჯერდებით, ქართულად დაგპარსავთ წვერსა. ჩამოხვიდოდით სოფლებში ლამაზათა ჰკაზმავთ ცხენსა, მათი ადლი რომა ნახა, არსენას არ დაუჯდესა, შინდის ჯოხი გამოუჭრა, რომელიც რომ გრძელი თქვესა. თუ ამითი არ გაჰყიდით, ვაი, დედითქვენის ღმერთსა! იმ საწყალმა ვაჭრუკებმა სულ კანკალი დაიწყესა: ისევე ჩვენი ფართალი იმ ჩვენ დუქნებსა დალპესა. - საახალუხე მომყიდეთ, იმ თქვენი დედ-მამის მზესა! მაშინ ჩვენი არსენაი თითო მუშტსაც წაადებსა. კიდევ იმას ეუბნება, - თქვენს ჯიბეში ფული ძევსა! ი საწყალი ურიები დაეკითხნენ ერთმანეთსა: ამოიღეს და გადუგდეს, თხუთმეტი თუმნის ოდენა. - ოღონდ დაგვეხსენ, არსენავ, გამოვაცხობთ სეფისკვერსა, ძალათი ვჭამთ ღორის ხორცსა, ზედ თავზე დავისხამთ წვენსა! არსენამ რომ დაინახა, თავქვე ცხენი დააჭენა. ეგ ქულაჯა გაიხადეთ, ეს თექა ჩაიცვით თქვენა. ცხენი გრილოში დააბა, თავად იქავ მოისვენა.
II
ბრძანება შემოეთვალათ თბილისიდან უფროსებსა: - ერთი კაცი აგრე ჩადის, ათასი რას შეიძლებსა?! კარანტინები შეუკრეს; - ლეკში არსად გადვიდესა, ყაჩაღობას ვინ დაეძებს, თბილის-ქალაქს წაგვიხდენსა! ნათლიმამად მოიკიდა, მაგრამ ის უღალატებსა. თაფარავანის ტბაზედა წინ არსენას დაუხვდესა: - მიღალატებ, ნათლიმამავ, მიტომ არ მოვდივარ თქვენსა! ძირს დედამიწას ჰფიცავდა და მაღლა ზეცაში ღმერთსა. მოატყუილეს არსენა, ტკბილის ღვინით დაათვრესა; იარაღი აიყარა, ნათლიდედას აბარებსა: იალუჩი და ბალიში საჩქაროზე მიართვესა, ამ მამაძაღლს ფარსადანსა გუნებაში რა უძევსა? ათი-თორმეტი მეცხვარე თავს მძინარეს დააწვესა. - ე მამაძაღლის ტიელი რა ბუზები მასხედს ესა! მეთერთმეტე, მეთორმეტე არსენს გაუკრავდნენ ხელსა, - ნათლიმამავ, ნუ მღალატობ, ნუ ჩამაგდებ მტრების ხელსა, მე მღალატობ, ნათლიმამავ, იქ რას ეტყვი მაღალ ღმერთსა? ნუ მღალატობ, ფარსადანო, ნუ ჩამაგდებ მტრების ხელსა, ფარსადანს კი ეს ეგონა: - ჩინს მომცემენ, ტემლაკებსა. ბიჭი მარდია არსენა, გზაზე არსად გადმოხტესა. მთელი ქალაქის ბიჭები მტრედის გუნდივით დასდევსა: სომხები გაიძახიან: - ლავე ბიჭი არის ესა! პატარძლები იძახიან: - ნეტავი შენს მეუღლესა! მაგარი ბორკილი მიაქვს, თორემ წვრილებს დაამტვრევსა. მოუბრუნდება არსენა, კამეჩივით შეუბღვერსა: თრიალეთში ცხვარს გაგიწყვეტ, გადაგიწვავ მინდვრად ძნებსა, იმ უფროსის კარებზედა არსენა მიიყვანესა. ფარსადანს გაუჯავრდება, თავსა და პირს დაამტვრევსა: ერთი გავარდნილი კაცი ტყეში ეფარება ხესა! ფარსადანს ასე ეგონა: - ჯამაგირსაც გამიჩენსა. ერთი ოთხიოდ პანღური ამოჰკრეს და გააგდესა. - რა კარგი ვაჟკაცი იყო, ზეზეურ ჩამომხმარაო! - მე არც ერთი არ მიქნია, სულ ტყუილად მოგეხსენა, მაგრამ მდიდარს თუ ვართმევდი მიყვარდა ღარიბის ჭმევა, არსენას ხელები შეუხსნეს,ფეხში ბორკილი მისცესა, შვიდი კვირა, შვიდი ღამე იმ ციხეში ამყოფესა, მაშინა თქვა არსენამა: - ვაი, დედიჩემის ღმერთსა! იმ აფიცრებს შეეხვეწა: - იმ თქვენი დედ-მამის მზესა, წამიყვანეთ აბანოში, მისი დარდი არ გამყვესა. ერთი საწყალი მანეთი არსენს ჯიბეში უდევსა, - ამის ოტკა ჩამომისხით, მისვით მშიერ სალდათებსა! სირაჯმა და მიკიტანმა თვალი უყვეს ერთმანეთსა. უკან მიკიტანი მისდევს, ქლიბს ჯიბეში ჩაუდებსა. ჩემი საქმე არის ესა! აუზებთან რომ მივიდა, ბორკილს ხეხვას დაუწყებსა, ყარაულებსა ჰგონიათ: გადასწევს და დაამტვრევსა, ფეშტამლები დაახვია, - ფუ, გამჭედი გაგიქრესა! ამხანად მოდის უფროსი, მაღლა აივანზე დებსა. გამოვა ჩვენი არსენა, რუსულ ჩექმებს ჩაიცვამს და რუსულ შლაპკას დაიდებსა. შემოხედა ყარაულებს: - ხაბარდა და სტარანეცა! იმათ ბატონი ეგონათ, ეს არსენა გამოძვრესა. მეიდანზე გამოვიდა, მოაძახა მედროშკესა: რომელიც კარგი დროშკაა, არსენასა მოართვესა.
III
დაუჯდა ბიჭი არსენა, გაუდგა დამოჟნის გზებსა. კუმისის გზაზე გადადგა, ბიჭი მოუძღვის სიდედრსა. ჩემი საქმე არის ესა! თავდაბლა მოახსენებსა: მე ტყვე ვარ გამოპარული, არც მე მატკენს ეს ფეხებსა. - გასწი იქით, გამეცალე, როგორ მოგცემ ამ ჩემს ცხენსა? მაშინ ჩვენი არსენაი კამეჩივით შეუბღვერსა: რაღა ბევრი მოგახსენოთ, ხელითა სცეს ერთმანეთსა. ორი მუშტი რომ შემოჰკრა, ყარფუზივით დააბნევსა. მაგ ჩემ გამომცხვარ ნაზუქებს ღმერთი ტკბილად შეგარგებსა! - დედავ, დედაშვილობასა, შენ ნუ დამიწყევლი გზებსა. სადაც წაბრძანდ-წამობრძანდე, არსენავ, გაგიმარჯვდესა. პატარაზე გაიარა, ხურჯონს ჩხრეკას დაუწყებსა: ცალგნით ორი ქათამია, ინდაური თავს აძევსა. ერთი სომხითელი ბიჭი ქალაქისკენ გამოსწევსა, - ასე უთხარი ქალაქში მიკიტნებს და სირაჯებსა: მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს, ღმერთი როგორ წაახდენსა? სადაც ტიტველასა ნახავს, თავის პერანგს ჩააცმევსა“. ერთი თუმანი აჩუქა, - რაც რომ ნალი გაუცვდესა. სამადლოს დუქანზე მივა, ფილიპეს ცხენს წაართმევსა: მე ტყვე ვარ გამოპარული, და ფეხებს ქვები მატკენსა! - უნაგირი და ლაგამი ორივე თავთით უძევსა. ლიტრა აღვირს თუ ამოსდებ, თორემ თავსაც წაგართმევსა. გადაჯდა და გამოსწია, გამოუდგება მინდვრებსა. „ამათ რჯულზე ვერ დავდგები, მე ხომ ვერ მოვუშვებ წვერსა“, ორი თვის გამოსავალი გამოირბინა ორ დღესა. ბოდბისხევში რომ შევიდა, სულ კარები ჩაკეტესა. მეტისმეტი ჯავრისაგან ადგილზე ვეღარ დადგესა. მაშინ ფარსადანის ძმები არსენას გადასდებენ ხელსა: - ვიდრე ფარსადანს არ მოვკლავ, გული როგორ გამიძლებსა. ერთ უადგილო ალაგას დიდი ორმო ამოჭრესა, ზედ ფიცრები წააფარეს და მიწა დააყარესა: ორი დღე უყარაულა, თვალს კი ვერსად მოასწრებსა. - თხუთმეტ წელს ყაჩაღადა ვარ, კაცის ცოდვა არ მაძევსა! გამობრძანდი, ნათლიდედავ! - ხელში მოჰკიდებდა ხელსა: ვაპატიებ ნათლიმამას, ჯერ მირონს და მერე ღმერთსა, ღვთაების მადლი გწყალობდეთ, მარტყოფის თავში სვენია, სუმბათოვიც იქ მობრძანდა, ის ჩვენი ქალაქელია. კნეინებიც იქა ჰყავდათ, ზედ გადეხვიათ ხელია, რო დაინახა არსენამ, პირჯვარი დაუწერია, ქალაქში რო შარს მიგდებდი, ახლა ხო მოგასწვერია! კნეინა ეუბნებოდა: - შენი ჭირიმე, შენია! თორემ ეგ არსენა არის, ვიცი, გამოგვჭრა ყელია; მე ხომ არსენა წამიყვანს, შენ დარჩი ცარიელია! წამოიფინა არსენამ, გამორბის, როგორც შველია, მაკაროვს თავის ხმალზედა ააღებინა ხელია!
IV
ორი კვირა თონეთშია და ქეიფსაც ბევრსა სწევსა, გამვლელსა და გამომვლელსა სუყველას ღვინოს ასმევსა. მთელი ქალაქის ბიჭები მტრედის გუნდივით დასდევსა, საცა მივა მიკიტნებთან ყველა დაუქნევდა ხელსა, - შესანდობელი დალიეთ, როცა არსენა მოკვდესა. - ვნახე წუხელი სიზმარი, სისხლში ვიღებამდი წვერსა, ან თათარი მიღალატებს, ქართველი არ მომარჩენსა, თუ ძალით არავინ მომკლა, ნებით გამოვიჭრი ყელსა. თხუთმეტ წელს ყაჩაღად დადის, კაცის ცოდვა არ აძევსა, მაშინ ი ჩვენი არსენა ზემო ქართლისკენ გასწევსა. იქ ბევრი დაალევინეს, ტიკშიც ბევრი ჩაუსხესა. ის რომ პურის ჭამათ დაჯდა, ცხენს ბალახში გაუშვებსა, წამოსული კახეთიდგან, იმერეთში გამოსწევსა, - „გამარჯობა“, - „გაგიმარჯოს“, სალმად მარტო ეს იყვესა. გიორგი შემოაგინებს დედისა და მამის ყელსა, მე დღეს ღვინოს როგორ დავლევ, წითელი პარასკევია. ეს რომ არსენამ შეიტყო, მუხლზე დაიკრა ხელია: ბიჭი არსენა მოგიკვდეს, ვერ შეგიცვალო ფერია! - წამოვიდა ის არსენა, იმ გიორგის დაუხვდესა. ან უნდა მამცე ფულები, ან შენი ცხენი დამრჩესა! - ნუ გგონივარ ზოგ-ზოგები, შენ რომ მოჰკიდებდი ხელსა; ლეკის პირდაპირ ვიყავი, ოცი ტყვია მომარტყესა, - მაშინ გაჯავრდა არსენა, ხმალზე მოისვამდა ხელსა. ხმალი ვადაში გადუტყდა, ის ცარიელი დარჩესა. ვაი, რა დროს მიღალატე, გაგიწყრეს გამჭედელია! დაღონებული არსენა ცხენიდან გადმოვარდესა. ცოტას კიდევ მიაწვდენდა ბარძაყზედაც ხანჯლის წვერსა, - ეგეც გეყოფა, გიორგი, აქიმი ვერ მოგარჩენსა. ერთი ლეკის ბიჭი ჰყავდა იმ გიორგი კუჭანტელსა. დაღონებული არსენა აიწევს და ვერ ადგესა. ჩემი შვიდასი თუმანი კასპში ერთ დიდ ქვაში დევსა, ამ სიტყვას რომ გაათავებს, არსენა ძირს დაეცესა. ზოგი წყალში გამოვიდა, ზოგი ხიდზე მოირბენსა. გაიყვანეს მცხეთაშია და ანდერძი აუგესა. „აქაც კაი კაცი იყო, იქ ნათელი დაადგესა!“ |