დაიღუპე! ყველა მიხვდა შენს სიყვარულს, - ბავშვს რომ ქალი შეგიყვარდა... ალბათ სტუმრებს ამ საღამოს ახარხარებს ვინმე, როცა შენს უცოდველ სიყვარულზე გაიხუმრებს. ყველას ეტყვის, იმ ქალს ეტყვის, არ დაგინდობს თუ გინდ ისე დაუჩოქო, როგორც ქრისტეს. ოღონდ არ თქვას, მაგიდასთან ოღონდ არ თქვას, გირჩევნია, ჩაგქოლოს და გაგირისხდეს. მაგრამ, არა! იტყვის, როცა მოგიჯდება გვერდით ქალი ძველებური გრავიურის, კორსეტიან კაბას ალბათ ამოჭრილი გულისპირი მოუხდება, ხოლო ყური თმით ექნება დაფარული და ლანგარზე დაიჭრება შოკოლადის დიდი ტორტი, მისი ქმარი საქმიანად ჩაახველებს, რომ გაყიდოს ხავსიანი ანეგდოტი. ჩუმი დარდით, მხოლოდ ავის წინათგრძნობით, ჩუმი დღესასწაულით და ჩუმი გლოვით ჩამოჯდები დაბნეული სკამზე ქალის მეზობლობით და იმისი სიახლოვით. და როდესაც აბაჟურის წრეში მისი თავი შენსკენ დაიხრება მაგიდაზე და წყალს მოგთხოვს და მიაწვდი, ის ღიმილით შემოგხედავს და სამსახურს დაგიფასებს, სწორედ მაშინ შენს უმანკო სიყვარულზე ყველას ეტყვის კაცი უღვთო და რეგვენი, არ დაგინდობს, შენს მუდარას არ შეისმენს, თუმცა მზერით იმ კაცს ფეხქვეშ გაეგები. დაიძრება კედელი და იატაკი და გონებას დაგიბნელებს იმის შიში, რომ ვაითუ, სწორედ დღეს და სწორედ ახლა გაითიშოს სული ხორცთან გასათიში. და შენს ბავშვურ სახეს ცეცხლი მოედება, მოედება ცეცხლი მხრებში ჩასულ კისერს და ვინც გიყვარს, მოგეხვევა და გაკოცებს და ულმობლად მერე დიდხანს იკისკისებს. შენ კი მწარედ ატირდები და ნაჭერი უხალისოდ წაიქცევა თეფშზე ტორტის და კედელზე ქალის სიცილს აიტაცებს გახლეჩილი ბროწეულის ნატურმორტი... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |