კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

წვიმდა და...

არ იყვნენ 

კოჯორში ჩიტები,

წალეკა სიჩუმემ

ერთი დღე მკათათვის...

უკუთვლას ვიწყებ და

არ მყოფნის თითები,

იმ ზაფხულს ვეძებ და

იმ წლამდე რა დათვლის!


თითქოს მეც სიჩუმის

ღრუბლიდან დავეშვი,

სიჩუმე წვეთავდა

ფოთლების მოვიდან...

...და მერე შენს მწვანე,

წვიმიან თვალებში,

მთელი წლის ნალექი

ერთ დღეში მოვიდა.


ახლაც ის წვიმები

კოჯრიდან არ მიშვებს,

(სად ნაძვებს ლარივით

მოუჩანთ წვივები)

და ჩუმი დღეების

ჩავარდნილ კლავიშებს

ჯიუტად კენკავენ

სულელი   წვიმები....


წვიმს ახლაც....

ამ წვიმამ

რა უნდა უშველოს

იმ მწვანე თვალების

ცრემლიან ქლოროფილს...

წვიმს  ახლაც...

და შევრჩი ამ წკვარამს  უშენოდ,

როგორც იმ  ცრიატი 

დღეების  ბოლო ფირს...


წვიმს ახლაც...

ახლა ვართ

საყვარლად დიდები,

წვიმს...

და იმ წვიმების

ალმური გადამდის...

უკუთვლას ვიწყებ და 

არ მყოფნის თითები,

იმ ზაფხულს ვეძებ და

იმ წლამდე რა დათვლის!..


წვიმს ახლაც...

ცის კარვებს

ღრუბლების ჟინი შლის,

და წვიმა მისველებს

წერილის კაბადონს...

...და მე ამ წვიმის ლექსს 

ვატან შენს შვილიშვილს,

წარწერით:

„ჩემს ძვირფას,

ჭაღარა ქალბატონს!"

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვასილ ბესელია  • • •   ვასილ ბესელიას პოეზია

მსგავსი თემები