კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

თარგმნა: დავით წერედიანმა

 

- ვინ არის? - მე ვარ, შენი გული. - ვინ? - შენი გული.

ნახე რას ვგავარ სისხლგამშრალი და გადაღლილი

ბეწვზე ვკიდივარ. - აკი გიძლებს. - გიჟი ხარ სრული!

- რატომ, რას მერჩი? - დაწანწალებ ქუჩის ძაღლივით,

მე კი გამლიე - არ ვიცოდ- ღმერთი და რჯული.

- მაშ რაა, ჯიქურ გამიმართე სიკვდილთან დავა!

- რა და სიცოცხლის წყურვილია. - არა, ცოფია!

- შემეშვი! - მინდა მიგახვედრო! - მივხვდები თავად!

- მერედა როდის? - სიყმაწვილე როდესაც გავა.

- რა უნდა გითხრა. - ნურას მეტყვი, ასე ჯობია.


- თქვი, რას აპირებ? - კაცი ვიყო. - თუ ავაზაკი?

ოცდაათის ხარ! - მომპარვია ჯორის ასაკი.

- ყმაწვილი ვარო? - სიტყვას მოჰყვა. - რა სიკვდილს ეძებ!

- არ ვიცი. - ღმერთო აღარ შერჩა ჭკუის ნასახი!

- იცი კი რამე? - ვიცი. - მაინც? - ვთქვათ ბუზი რძეზე

ზის შავი თეთრზე. - სულ ეგ არის? - გეცოტავება?

- მაგ ცოდნით ისევ მომიხერხებ შარში გავება!

ზის შავი თეთრზე! წამომიწყო ფილოსოფია!

- ნუ აყირავდი, არ გიხდება ეს გაავება.

- რა უნდა გითხრა. - ნურას მეტყვი, ასე ჯობია.


- არა, სულელი მაინც იყო, ჭკუანაკლული,

ან ბავშვობაში თავი გქონდეს ქვაზე დაკრული,

რაღაცა ახსნა იქნებოდა, რაღაც მიზეზი!

სიბინძურისკენ რომ მიიბრძვი თავგადაკლული,

გაქვს სილამაზის განცდა ბრიყვო? - უფაქიზესი.

- ეტყობა გიჟთან ვლაპარაკობ და არა საღთან,

ანაც ეგ თავი რიყის ქვაზე მაგარი გახდა,

ნახე, გასინჯე, ზედ რამდენი ჭდე და კოპია!

ზნე რომ იცვალო... - მე პირველი დავრჩები სახტად.

- რა უნდა გითხრა. - ნურას იტყვი ასე ჯობია.


- ვერ გავჩუმდები! - მაშ ვიდაოთ? - მაშ ნუ ვიდავებთ?

როდიდან მიდრკი სიბნელისაკენ? - შობის ღიდანვე,

როცა სატურნმა ავბედითი ტვირთი ამკიდა,

- რა სიგიჟეა! თურმე ცოდვებს სიყრმით ზიდავენ!

უმანკო ძილით როცა სძინავთ, იმ ასაკიდან!

ბრიყვი რომ თვითონ შეეყრება ჭირსა და სნებას,

თურმე ნუ იტყი, დამნაშავე ცის მნათობია!

ბრძენს უთქვამს: სიბრძნით დაიურვის მნათობთა ნება.

- სულ ტრაბახია, ვინც რად ჩნდება, იმადვე კვდება.

- რა უნდ აგითხრა. - ნურას იტყვი, ასე ჯობია.


- ვინძლო სიცოცხლე დიდხანს გინდა! - ღმერთმა ინებოს.

- იჯმენ, იქენჯნე, მიეჩვიე... - რას? - მოთმინებას!

იწვრთენ, ისწავლე, ნუ ჩაგითრევს ბნელი დინება,

ორმოს ნუ ითხრი, გმე, ქველთაგან რაც საგმობია!

ნუ ამჩატდები, მთავარია გულმოდგინება!

იმედით იყავ! - მაშ შევთანხმდით: იღბლის იმედად!

- რა უნდ აგითხრა. - ნურას იტყვი, ასე ჯობია.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ფრანსუა ვიიონის პოეზია

მსგავსი თემები