კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

გახსოვს, მაცდურო, შენ ის საღამო,

ის მოკაზმული უცხო ქვეყანა,

ცრემლი და ფიცი სალხენ-საამო

და სიყვარულის ციური ნანა?


გახსოვს-ვისხედით მდინარის პირად,

შორს, შორს ცის კიდეს მივჩერებოდით,

სიყვარულს ვრაცხდით სინორჩის გმირად,

მხოლოდ ტრფობაში სიამეს ვგრძნობდით?


გახსოვს-გვირგვინსა სანატრს გვიწნავდნენ

დამავალი მზის ცელქი სხივები,

სიყვარულზედა ზვირთნი გვიმღერდნენ

და ბანს აძლევდნენ გულის სიმები?


გახსოვს-ნიავი ცელქი და გრილი

მეცილებოდა მე შენსა ალერსს,

ბულბული სტვენდა გრძნობით აღვსილი,

ვარდად იმჩნევდა შენს ტურფა ღაწვებს!


შენც იმღეროდი!... შენსა გამგონეს

უსულო ქვებსაც კი ატყვევებდი,

მატებდი სულის, გულის ძალ-ღონეს

და გრძნობათ წყაროს მისალბუნებდი?...


ტრფობისა ხარკად მომიძღვენ ვარდი…

“გმადლობ”- ვერ გითხარ: ენა დამება...

ოჰ, რანაირად იმ დროს მიყვარდი,

ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ღვთაებავ?...


ახლა? ოჰ, ახლა?.. ღმერთს გეფიცები

ხან და ხან შხამად გარდვიქცე მინდა;

მინდა მოვიმხრო ბელზებულები,

მაცდური, შმაგი, თვით არაწმინდა;


შევიქნე ცეცხლი და საწამლავი,

მთელი მსოფლიოს დამდუღებელი,

შუბი, მახვილი შუბლ-გამგმირავი,

ღვთის-რისხვა, ქვეყნის ამტირებელი-


და შენ გაწამო!.. ეგ შენი სული

ყოველ წამს სიკვდილს რომ ნატრულობდეს,

ესხმოდეს კუპრი ადუღებული,

ხსნასა და შველას ვერსით ხედავდეს!...


ჩემთან პირ-შავო, ღმერთთან შემცოდე,

სცან ამ წამების, ტანჯვის ღირსი ხარ!..

მაგრამ რად არ გკლავ-გინდა იცოდე?-

ამ საბრალო გულს ძველებრ უყვარხარ!.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გრიგოლ აბაშიძე  • • •   გრიგოლ აბაშიძის პოეზია

მსგავსი თემები