ორად გადავტეხე ღამე, მსგავსი ლაბრადორის ლოდის, მახსოვს, გავითენე გარეთ, მაგრამ დამავიწყდა - როდის?..
მცირე მონაკვეთი დროის? როგორც გაფრენილი ბედი ამდენ ბედნიერთა შორის.
ეგებ გახსენებაც არ ღირს? ხიდან ჩამოვარდნილ ვაშლად ვინმე წაიღებდა თარიღს?
ძონძად გაწეწავდა ქარი? ჩუმად ჩამოვარდნილ ფოთლად ფეხით გათელავდა მგზავრი?
ვეძებ დაკარგულის გზა-კვალს, ეგებ შევეფეთო უცებ თარიღს, უდღეურად გამქრალს.
მაგრამ ამაოა? რატომ? ნუთუ წუთისოფელს მძევლად ამ დღეს დავუტოვებ მარტო?
ხსოვნა სკლეროზიან მიწის... მაგრამ დაბადება მახსოვს? ან დღე სიკვდილისა ვიცი?
ჩემგან შეუცნობელ ძალას, რომლის სიდიადე სადღაც ბნელი ფსკერისაკენ გვმალავს.
როგორც ავგაროზის მძივებს, გვიჭირს, გვიხანმოკლებს მანძილს- ისეც უსასრულოდ მცირეს.
ხელი მივაწვდინო მიზანს, იმ დღის გახსენებას შევძლებ, როგორც დავიწყებას მისას? |
პოეზიის გვერდი • • • |