გუშინ შევნიშნე სარკმლიდან შენი სწორუპოვარი ტანი საროსი, რა დაგიფიცო, ნამდვილად გშვენის ჯიქივით ჭრელი ტანისამოსი.
მწვანეფოთლება კაბა შრიალა და შენი ნახვით გამთბარმა სისხლმა ტანში საამოდ გამაჟრიალა.
დაუმთავრებლად დავთმე წერილი. შენდამი რიდი, შენდამი კრძალვა ჩამომეჟონა ცხარე ცრემლივით.
და ბედნიერი შორი დანახვით ათი წლის აქეთ შენგანვე მთვრალი გავფხიზლდი, როგორც ლოთი არაყით.
რად გამახსენდა ჩვენი ფშანები, როცა ტერფიდან გიღებდი ეკალს და გქონდა შველის სველი თვალები.
და სანამ ყრმობას დავიტირებდი, ეჰ, ერთხელ მაინც მეკითხა მაშინ, სამაგიეროდ რას მიპირებდი!
დააწაფებდი უკვდავ ნაკადულს, გიწერ წერილებს და წუთებს ვნუსხავ, ათი წლის წინათ ღრუბლად გაფანტულს.
სწორუპოვარი ტანი საროსი, არ გაიძულებს ბავშვობის ჟამი, ჩაიცვა შავი ტანისამოსი? |
პოეზიის გვერდი • • • |