შემოღამდება, გაივსება დისკო მთვარისა, დისკო მთვარისა მოვერცხლილი და მოქარგული და გუმბათებზე აენთება ქრისტეს ჯვარისგან, ქრისტეს ჯვარისგან მოფენილი სხივი ფარული.
სხივი ბარბაცით კანალებში გადაიჭრება, გატყდება ბროლი მინანქარით შემობზარული, აედევნება ბნელ ხეივნებს ლანდების წყება.
გულში იღვიძებს სათნოება, ქუჩაში ბნელა, ჩრდილის მანტია მოეხვევა წმიდა ბართლომეს და მღერის ვიღაც პორტალებთან: „მარია სტელლა“.
როგორც დემონი გაფრენილი ბრინჯაოს რაშით, ამურეტები აიყვანენ ბამბინოს ცაში, ოქროს ფირმამენტს ჩაიხუტებს ტიბროსი ზანტი.
აღმოსავლიდან გვირგვინოსან მოგვებს მოელის. კაშკაშებს ჯვარი კაპიტოლზე არაკოელის, ვით ბრილიანტი...
ნარინჯის ფონზე მოიჭრება ავგუსტის არკა და ტრიუმფები მოინდებათ ისევ ცეზარებს, ნაზ სერენადებს კვლავ იმღერებს ღამით პეტრარკა.
დავეძებ ტაძარს ღვთაებისას და ვითხოვ შველას! წავალ - ვემთხვევი მაცხოვარის წამებულ სხეულს და მუხლმოდრეკით მეც ვიმღერებ: „მარია სტელლას“. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |