კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

წინ მიდევს შენი მოკლე ბარათი;

ისეთი მოკლე რომ მისამართი

უფრო ვრცელია ვიდრე ბარათი...

საოცარია რა მოკლედა თქვი რისი თქმაც

გინდოდა, მოკლედ და სადად.

და ამ ქაღალდის მცირე ნახევით

ჩვენ შორის რაღაც დიდი გათავდა.


გაივლის ხანი და ნაცნობებად

სადმე შევხვდებით მე და შენ ალბათ,

შენ გამიღიმებ ნაძალადევად.

მე გიპასუხებ ასევე ყალბად.

და თუ იქამდე გაგყვა მორცხვობა,

რომელიც მუდამ ასე გშვენოდა

თვალს ამარიდებ და იმ საღამოს

შენთან ვიქნები და უშენოდაც.


იმ დროისათვის მეყოლება უკვე გამრთობი,

ან შავგვრემანი ან ვინმე ქერა, 

ვიცი ის შენკენ გამოაპარებს იჭვიან ცქერას

და ნაკლს გიპოვნის, რომ მე მაცნობოს

თუ როგორია ჩემი ნაცნობი.

და ამ სიტყვებში იქნება ქალის ბოღმა და გესლი.

მკითხავს რამდენი მოგიძღვენი ოდესღაც ლექსი,

როგორ მიყვარდი ანდა შენში რა მიზიდავდა 

თვალების გარდა...


შენ კი იჯდები კანონიერ მეუღლის გვერდით,

კანონიერი სიყვარულით გამწარებული,

და გარეგნულად კმაყოფილი საკუთარ ბედით.

გაგახსენდება -

უნებურად გაგახსენდება ქუჩა და სახლი,

გადათელილი ყვავილები,

ჩრდილები ხეთა,

სადაც ოდესღაც ყოფილხარ ჩემთან.


გაგახსენდება და არ შეიმჩნევ

აეფარები სიმშვიდის ნიღაბს,

გაგახსენდება როგორ ამბობდნენ

რომ ჩვენ თვალები ერთმანეთს გვიგავს,

გაგახსენდება - გარდასულ დღეთა 

ბედნიერებაც და სიმძიმილიც;

და რომ როგორმე დაფარო სევდა

და ქმართან ყოფნა გაიადვილო

მაშველად მოვა ცივი ღიმილი,

ნაძალადევი, ღვთაებრივი და უადგილო.


... ყანწში თამადა

უხვად ჩაასხამს მანავს თუ თეთრას,

შენს სადღეგრძელოს ასწევს თამამად

და გადღეგრძელებს შენს ქმართან ერთად,

ყველა ადგება რიგრიგობით,

რომ მოიხადონ თავისი ვალი;

ქმარი შეაქონ - როგორც ვაჟკაცი

შენ - როგორც ცოლი, 

როგორც ქალი,

და მეგობარი...


ჩემი დროც მოვა...

და მეც სხვებივით გეტყვი

ლანჩივით გაცვეთილ სიტყვებს

და არაფერი იმისი მსგავსი,

რაც კი ოდესღაც ჩვენს შორის ითქვა.

მეც სხვებსავით დაგიწყებ ქებას,

გისურვებ ათას სისულელეს 

და გამრავლებას...


და ბოროტ თვალთა მოსატყუებლად

ამ ყანწს გულდაგულ გამოვცლი ალბათ,

შენ გამიღიმებ ნაძალადევად, 

მეც გიპასუხებ ასეცე ყალბად,

და თუ იქამდე გაგყვა მორცხვობა,

რომელიც მუდამ ასე გშვენოდა...

შენ დახრი თვალებს...

დაგღლის სირცხვილი,

თვალთმაქცობა და უჩემობა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პეტრე გრუზინსკი  • • •   პეტრე გრუზინსკის პოეზია

მსგავსი თემები