ჩვენ არყოფნიდან მოვედით და ვნახეთ, ყოფნა რაც არი, აზრი ამქვეყნად ყოფნისა თითქოს არი და არც არი. წინ-წყალი, უკან მეწყერი, ცეცხლი და ბოლოს ნაცარი. ბედნიერებას ვეძებდით, მაგრამ ვერ ვპოვეთ მარცვალი. სიკვდილი დედა ყოფილა, სიცოცხლე - დედინაცვალი.
სიკვდილის თავსაფრიანო, ვაებისაკენ სულმსწრაფო, სიხარულისთვის გვიანო, ვითომ ამქვეყნად სწერიხარ, ვითომ სიცოცხლე გქვიანო. სიკვდილო, შვებად მეგულვი, მოდი, არ დაიგვიანო!
ამხსენ სიცოცხლის ბაწარი, გადამავიწყე ვარამი ამქვეყნიური რაც არი. საწუთროს ამაოების არ მაქექინო ნაცარი და თავზე არ დამაქციო ცოდვით ნაგები ტაძარი. როდემდე უნდა ღვიოდეს სულში ამქვეყნის ღადარი?! ან რაღად მინდა სიცოცხლე დედის სიკვდილად დამჯდარი?!
ახალ მწვერვალზე ასულს, სული არ მინდა, მივცე სატანასა და ავსულს, ყოფნა არ მიღირს ყოფად ლამის მიღმეთში გასულს, არად ვინაღვლი მყოფადს, მაგრამ რა ვუყო წარსულს?!
როგორც ბორბალში ციყვები, ან როგორც წყალში ნაფოტი, დროის დინებას მივყვებით. შხამა სოკოებს ვაწყდებით, მაგრამ გვგონია ნიყვები, ეს ან ქალების ბრალია, ან კაცები ვართ ბრიყვები?!
**********
ჩვენს გაუსაძლის დროში, მაინც სულ ხალხში ვერიე და არა უბირ ბრბოში. ხანდახან დარიც მიგრძვნია, უფრო - ყინვა და თოში, მაინც კი ისე ვიცხოვრე, როგორიც მქონდა ხოში.
**********
ვარ ძველი ციხის ნაშალი, ჩემში გადიან ღრუბლები, ქარაფზე ვდგევარ და კლდეებს, ცალპირად ვესაუბრები. არ მპასუხობენ კლდეები, თავ-თავის წესად უბრები?! მაგრამ ვგრძნობ, ქარი რომ დაჰბერს, ცად მიაქვს ეს საუბრები.
**********
საწუთრო შემომეძენძა როგორც მათხოვრის ხალათი, ბედნიერების ჩანჩქერებს ჩემს წილს სულ წვეთ-წვეთ ვძალავდი, ათასგვარ ჭირსა და ვარამს გავუძელ ძალის-ძალათი, ერთიღა მრჩება ნუგეშად – მიწამ არ იცის ღალატი, ის გვამს თუ ევიწროვება, ძვლებისთვის ხდება ხალვათი.
**********
რაც მოხდა, ჩემზე ახია, ჯავრი ვიღაზე ვიყარო?! ბედმა უკუღმა დამხია, აღარ მამღერა “წინ წყარო”. ნეტავ რამ გაგაძლებინა ჩემს სულში, ცეცხლო ცინცხალო?! რა უცებ შემომაღამდი, გაუთენარო ცისკარო?!
**********
მოვიდა სიტყვა და გულზე მახვილი დამაღერინა, არც პურმარილი შემარგო, არც მასვა, არც მამღერინა, კალამზე ჩამომეღვენთა და ლექსად დამეწერინა.
**********
სულ დიოგენედ ვიქეცი, არ ვცვლი ცხოვრების წესს, ის, რაც თქვენ ქვენა გგონიათ, მე იმაში ვჭვრეტ ზეს. ამ კასრში, ჩემო მპოვნელო, ნუ გაგაოცებს ეს. გაიწი, მაკედონელო, ნუ დამიჩრდილავ მზეს!
**********
ამის თქმას არა სჭირდება “ვინმე მელექსე მესხი.” დრო-ჟამის უკმარობაა ცხოვრების მთელი ეშხი, ხილივით მოვილიენით სიცოცხლის ხეს რომ ვესხით. წუთისოფელი ყოფილა მარადისობის სესხი.
**********
მე მგონი არაფერია გასაოცარი ამაში რომ მაინც ხარობს ლექსის ხე ჩვენი დროების გვალვაში. ამომეყრება ლექსები, როგორც თონიდან ლავაში, ვარ როგორც ჰერკულანუმი ლექსის ვულკანის ლავაში.
განსაკუთრებით - “პინო”, გვერდს გეჯდეს ქალი ლამაზი, დუდუკით მოილხინო, თუ აგიკრძალეს ქალები, თუ აგიკრძალეს ღვინო, რა ჭირად გინდა დუდუკი, ან რა გაქვს საღიღინო?! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |