ვაჰ, სოფელსა ამას და მისთა მდგმურთა, ბოროტებისა და სიცრუვის ჭურთა, კეთილ მოყვარების დათრგუნვის მსურთა უსაფუძვლოთა მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით!
სძრახავენ კეთილ-მოქმედთ შურით შემკულნი; ზოგადნი არიან გამდიდრებულნი, - განა რითა, ძმანო? მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით.
შეუწყალოდ, მხეცებრ კაცთა მხევლობენ; მდიდრდებიან, რომელნიცა მძლევლობენ, და ყვავილოვნებენ მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით.
სად სიმართლე მისგან შენარაზედა მისთ ყვავილთა ფერხთით ლახავს გზაზედა, რომელნი სჭკნებიან მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით.
თვისგან ქმნილი თვისდავე მიექცევის, ყველაკაი წარუვალს, განელევის, რაცა ჰქონდა პოვნილ მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით.
დაარღვევენ სჯულსა დაუყოვნებლად; არ დაზოგვენ მსგავსთა თვისთა საკვლელად, შეჰკრებენ საუნჯეს მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით.
არნ მოცულნი უმრავლესითა ურვით, ფიქრ-მრავლობენ განდიდებისა სურვით, ატარებენ ჟამთა მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით.
ძმათა თვისთა შურ-მტერობის მდომელნი, ჰკვლენ ერთმანეთს, ნაძარცვთ გამომრჩომელნი, და შეექცევიან მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით.
და ჰსთხოვთ ურცხვად, უსამართლოდ მონებას, მოელოდდეთ მათთან თანასწორებას. არ მარადის იშვათ მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |