ჩემი ფსალმუნით განათებულ ფოთლოვან ტყეში განა, - იმიტომ შევუშვირე მზის სიცილს პეშვი? განა, - იმიტომ გადაიდგა ლანდები ბრუდე, რომ მე ყიჟინით დამენგრია ჩიტების ბუდე? განა, - იმიტომ ავაოხრე სისხლი და, - სისხლში, - ის სიყვარული, შენ რომ ქვეყნის წამებით იშვი? ნუთუ ამ სიზმარს, თვალგახელილს, გართობა ერქვა, და რაც გადარჩა, გაფრთხილების ზარივით რეკავს? ნუთუ ამ ზარებს, - დამსხვრეული მუსიკა ჰქვია და ყველაფერი ცრუსარეცლის ცდუნებას მიაქვს?.. და ვიდრე, - ჩემი მარტოობის კარავთან მოთოვს, მე მოვაგროვებ უნებლიეთ ჩამოყრილ ფოთოლს, მოვუხმობ ჭინკებს, ტყის ფერიებს, მშობლიურ ლანდებს, დავანთებ ცეცხლს და მე იმ ცეცხლთან პირობას დავდებ, რომ, - არასოდეს არ ვახსენო სახელი შენი, რომ, - შენ იქნები ამ ცეცხლივით უკანასკნელი, მაგრამ, - მანამდე მიყვარხარ და შეუნდე ფოთოლს, ვიდრე ამ ჩემი მარტოობის კარავთან მოთოვს. |
პოეზიის გვერდი • • • |