ღამეა, ცაზე ვარსკვლავი ერთი მიღვიძებს გულში სხვანაირ იმედს. ეს ჩემი სული - ლანდია ღმერთის, ეს ჩემი გრძნობა - გრიგალი მძიმე.
როცა მოჰქროდნენ ხმები სხვა ზარის. როცა საღამო დამშვიდებული იდგა სივრცეში ლურჯი ზღვასავით.
გლოვა, დუმილი და გაწვალება. და ვფიქრობ: სადღაც უხილავ ბაღთან დღეს ჩაიარეს უცნობ ქალებმა.
ვიღაცა მიჰყავს და გარბის ეტლი. ახლა სიცოცხლე ჩემთვის ლანდია, რაღაც სხვა მინდა სიკვდილზე მეტი.
თბილისი დარჩა თვალების გარეთ. სადღაც ყეფს ძაღლი დროგამოშვებით და საცოდავად კიდია მთვარე.
და იმედისთვის არ მყოფნის ძალა. და ვარსკვლავების მზიდველი ღამე მძიმე ქვასავით ეცემა ქალაქს.
ქვეყნის სიმძიმე მის გულს მოება. და სიჩუმეში დაფარულია ჩემი სიმართლე და სათნოება.
მოსჩანს ვარსკვლავი, როგორც ობობა. ჩემს მწუხარებას ზრდის სატუსაღო და ვგრძნობ საშინელ უმეგობრობას.
დაბნელდა ჩემი ოცნების მხარე, არყოფნის ღამევ! შენსკენ მოვიწევ, არყოფნის ღამევ! შენ დამიფარე. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |