კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი

 

დაუბრუნდება კვლავ იოსები

თავის ქანაანს, ნუ დარდიანობ,

და კვლავ წალკოტად გარდაიქცევა

სევდის საკანი, ნუ დარდიანობ.


გულო დაგულო და ნამწუხარო,

დაგიბრუნდება ჟამი ქებული

და ეს გონება ამბოხებული

კვლავ დამშვიდდება, ნუ დარდიანობ.


ჰეი, ბულბულო, გაზაფხულს შენსას

ტახტს კვლავ დაუთმობს ჟამთა სიავე

და თავს შეგიმკობს ნელი ნიავი

ვარდთა გვირგვინით, ნუ დარდიანობ.


საწუთროს ჩარხი თუ ორიოდ დღეს

არ ბრუნავს ჩვენთა სურვილთა დარად,

გჯეროდეს, იგიგ ამგვარად მარად

არ იტრიალებს, ნუ დარდიანობ.


სანამ არ უწყი განგება ღვთისა,

არ ჩაიქნიო იმედი ხელი,

იქნებ ფარული სიამე გელის

ამ ფარდის მირმა, ნუ დარდიანობ.


ქააბისაკენ უდაბნოდ მავალს

მოგიზიდავდეს დიდი მიზანი

და სიძნელენი შორი გზისანი

არად ჩააგდე, ნუ დარდიანობ.


სახიფათოა სავანე ჩვენი

და ჯერ არცა ჩანს მიზანთა ბჭენი,

მაგრამ იცოდე, რომ არ არსებობს

გზა უსასრული, ნუ დარდიანობ.


ჩვენთა რაყიფთა გამომხდომანი

თუ განშორებით ჩვენი წვალება,

ღვთის თვალს არარა დაემალაები,

უწყის უფალმა, ნუ დარდიანობ.


ჯუდას, ღამეულ სიმარტოვეში

დე, დერვიშული გქონდეს ქონება,

და სანამ ყურანს სწვდება გონება,

უფალს ჰვედრე და ნუ დარდიანობ.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

მსგავსი თემები