მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
სიხარულისთვის დახშულია იმ სახლის კარი, წივილ-კივილი საიდანაც მოისმის ქალის. * * * * * თუ ქვეშევრდომის ბაღში ხელმწიფემ, დაუკითხავათ მოწყვიტა ვაშლი, მისი შემყურე ლაშქარი იმ ბაღს ძირფესვიანად ამოთხრის მაშინ. * * * * * გამიგონია, მორწმუნე კაცი არ მიაყენებს მტერსაც კი წყენას. ნეტა როდისღა უნდა გეშველოს, თუ ახლა ჩხუბობ მოყვრებში შენა. * * * * * ნუ მიხვალ კეთილ მეგობართან მწუხარე სახით, არ გაუფუჭდეს ხასიათი მას შენი ნახვით. კეთილმოსურნეს ეახელი ღიმილის მჩენი, რომ გაუხარდეს მას ორწილად დანახვა შენი. * * * * * არავინ აფასებს ბედნიერ დღეთ, დღეთ მოციმციმეთ, ჩვენ გვახსოვს მხოლოდ მწუხარების დღეები მძიმე. მდიდარს რა უჭირს, აბა იმას რა ედარდება, თუ ღარიბისთვის რანაირი ზამთარი დგება! * * * * * ლომი, რომელმაც გაიწოდა მსხვერპლისთვის თათი, ძაღლის ყეფაზე არ შეკრთება, არა აქვს დარდი. ლოყა ლოყაზე მიაწებე ძლიერად სატრფოს, არად ჩააგდო, მტერმა ხელზე გიკბინოს ამ დროს. * * * * * თვითონ ძაღლსაც ეხსომება შენი ლუკმის გემო, შენს პატივს არ დაივიწყებს, თუნდ ყოველდღე სცემო. და კაცი კი, ზოგი კაცი, რომ გადაჰყვე თანაც, სულ პატარა წყენისათვის ყელს გაგიყრის დანას. * * * * * თუ ვინმე მოვა, ღამე ძალით ჩაგიქრობს სანთელს, ხალხის წინაშე მოჰკალ იგი, ვინც ბედავს ამდენს. * * * * * არავის უთქვამს ფარშავანგზე - უშნო აქვს ბოლო, და არც ეშმაზე, რომ სამოთხის არის ფერია. ავი და კარგი კარგად უწყის ადამის მოდგმამ, წიგნებში იმას კითხულობენ, რაც შიგ წერია. * * * * * თუ მეფემ სისხლი საკუთარი აღარ დაღვარა, მისი სამეფო დაიცლება სისხლისგან მაშინ. * * * * * შენს უკეთესი უნდა ძებნო, ძებნიდე ოდეს, შენისთანასთან ნუ დაკარგავ დროს ნურასოდეს! * * * * * საღი თესლიდან არ ამოვა საღი მცენარე თუ მისი ბედი არ იქნება პირმომცინარე. * * * * * მძლავრია შაჰი, ის ჭადრაკის დაფაზე ბრწყინავს, თუკი გაება, დაიჩოქებს პაიკის წინაც. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |