(პასტორალი) I გამოვეპარე ქალაქებს. შეწითლებულა ბალი. პურს კიდობანში ალაგებს ვინმე სოფლელი ქალი.
იმედიანი ყანა. მზეზე დარბიან ბალღები, ძროხები ჩრდილში დგანან.
აღარ ვნატრულობ ქუჩას. „რა მოსავალი იქნება! რა კარგი პირი უჩანს“.
მოდი წავიდეთ ყანაში, - იქ შრიალია ნელი. გამოვესალმე პანაშვიდს, სახელებს: მერი, ნელი.
(მე შენთან მოვალ ხვალაც). ქალაქში ბევრი ქალია, მაგრამ ბევრს ვამჩნევ ღალატს.
ტუჩები - მწიფე შვინდი. მიკვირს, რა საშუალებით ხარ შენ ასეთი მშვიდი!
მზით შეიფერა სივრცე. მოგაქვს ხან მარწყვი, ხან ია, ფიქრობ შორეულ სხივზე.
რომ არ დაგასწროს ბინდმა. მე უფრო პილიგრიმივით მოგზაურობა მინდა.
ვამბობ: არა მაქვს დარდი. ცას გადაეკრა მინარი - იქნება კარგი დარი.
ახ! მეც ვიყავი სოფლელი, მაგრამ ეს გახლდათ წინათ: მოლი. ვენახი. მშობლები. და უშფოთველი ბინა.
ვესალმებოდი... წმინდა. დღეს უფრო პილიგრიმივით მოგზაურობა მინდა.
ბედი წაიღო ქარმა. დაო! შენ მაინც მიწამე: ცხოვრების თავი არ მაქვს.
ბაღი, სიზმრებით სავსე. ო, გული დაფარულია მოგონებების ხავსით!
რა მაღალია ჩინარი! მე უფრო მომწონს მუხა. ნეტავი სერზე ვინ არი? კმარა! მოწყენით ნუ ხარ!
ჩაფიქრებულა მიწა. მგონი, მგზავრები მოდიან და შენ გვირგვინებს მიწნავ.
(მე შენთან მოვალ ხვალაც.) მეგობერ ტყესაც ავუვლი. ჩავიცვამ წითელ ხალათს.
ან ვიზე ფიქრობ, ვიზე? ჭრელი თხა, ლურჯი თვალებით, გაოცებული მიმზერს.
რა სიჩუმეა ირგვლივ! შორს ხევებია მაღალი, აქ - რამდენიმე ჩირგვი.
მიკვირს, ცოცხალი რომ ვარ. მალე საღამოს აანთებს მკვდარი მზეების გროვა.
უკანასკნელი ჰანგები ჩაქრნენ მდინარის გაღმა. ვარ წამებული განგებით, უფრო მეტყობა დაღლა.
ვუმზერ ბუნდოვან მაღლობს. სიომ დაჰქროლა მთებიდან. ჩვენ ორში ვიღაც ნაღვლობს.
მე შენთან მოვალ ხვალაც! პატარა ჩიტი გაფრინდა, - მივემგზავრები ქალაქს.
მივდივარ, კმარა ტირილი! მე ვარ დაღლილი ლანდი. მშვიდობით! კმარა ტირილი! გაჩუქებ ცისფერ მანდილს.
(შენ არ გჩვევია ჯავრი.) მშვიდობით! კმარა ტირილი! მე ვარ უცნობი მგზავრი... |