აქ, ქალაქ არგოში, კორინთოს მახლობლად, ძველი ბურჯები რომ ჩანან, უეცრად მომესმა გოდება კოლხური: ვაი, ნანაია, ნანა… ცრემლებად დაძრული და გინდა არც გაიდარო… კოლხეთის ყველაზე ლამაზო ასულო, ჩემო დატანჯულო დაო. შენც პირველ სიყვარულს ენდე. ელინს წარგიტაცეს და ოქროს ვერძივით გაგყარეს მშობლიურ ქედებს. შენ რად დაგინდობდნენ, ქალო, თუ ასე ლამაზი, ბრძენი და კარგი ხარ, ბერძენი რად არა ხარო?! სიმდიდრეც კოლხური უხვად დაახვიეს ელინს. შემდეგ კი მეუღლემ გაგცვალა, გიმუხთლა, გაცივდა ამბორი ცხელი. მფარველი ღმერთიც ვერ გცნობდა და ვინ უწყს… დაგწამეს თუ ჩაგადენინეს ქვეყნად უმძიმესი ცოდვა. ბოროტი, ავსული, რა აღარ გიწოდეს ნეტავ… ამ ქვეყნად ყველაზე ბედკრულო ასულო, ყველაზე ტანჯულო დედავ. ვაი რომ ვერასდროს ნახავ… იქ ბევრი მედეა, თამარი, შორენა შენს ბედზე დარდობენ ახლაც. მედეა… ღმერთმანი, მერწმუნე, ცრემლსა და ბოღმაში ვახვევთ ქართველი ასულის ჩვენამდე მოღწეულ სულ პირველ, შორეულ სახელს. სხვის მიწაზე ვის გაუხარია, შენ რად დაგინდობდნენ, ქალო. თუ ასე ლამაზი, ბრძენი და კარგი ხარ, ბერძენი რად არა ხარო?! ალბათ ეს შენ ხარ ცრემლებად დაძრული და გინდა არც გაიდარო… კოლხეთის ყველაზე ტანჯულო ასულო, ჩემო შორეულო დაო. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |